aqcia

დაკავებულ მერაბ ღოღობერიძესთან ადვოკატი 3 საათი არ შეუშვეს

11-12 მარტის აქციის მოვლენების საქმეზე დაკავებულ მერაბ ღოღობერიძესთან ადვოკატი სამი საათის განმავლობაში არ შეუშვეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატი ზაზა პაპიძე მას შემდეგ შევიდა, როცა იზოლატორი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დატოვა.

„ადმინისტრაციული წესით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო დააკავეს მერაბი შუადღისას, დამირეკა და მთხოვა, მისი დაცვის უფლება განმეხორციელებინა. აღმოჩნდა, რომ მას ეს უფლება შეუზღუდეს. სასამართლოში გადაყვანამდე მან თვითდაზიანებაც სცადა პოლიციის მანქანაზე თავის მირტყმით. მას ასევე დაზიანებული აქვს ხელის მაჯები”, – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე

პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული მერაბ ღოღობერიძე პოლიციელებმა სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც ის ცუდად გახდა და საავადმყოფოში მოათავსეს.

საღამოს შვიდ საათზე მერაბ ღოღობერიძე ისევ პოლიციის განყოფილებაში დააბრუნეს და ხელწერილით გაუშვეს, რადგან სასამართლოში სამუშაო საათები დასრულებული იყო, ადმინისტრაციული დაკავების მაქსიმალური ვადა კი 12 საათია. პოლიციის შენობიდან გამოსვლამდე, 19 საათსა და 42 წუთზე მერაბ ღოღობერიძე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

მერაბ ღოღობერიძეს ჯგუფური დანაშაულის ორგანიზებაში ედება ბრალი, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, რომ გაურკვეველია, რატომ არ დააკავა თავიდანვე პოლიციამ ღოღობერიძე სისხლის სამართლის წესით, როცა მის დაკავებაზე მოსამართლეს განჩინებისთვის დღის 12 საათზე ჰქონდა ხელი მოწერილი.

ადვოკატი ასევე ამბობს, რომ ვერ მიიღო პასუხი წინასწარი დაკავების იზოლატორში, რის გამო არ უშვებდნენ იქ მას.

დაცვის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამომძიებელი თავად დაუკავშირდა დაკავებულის ოჯახს, ხოლო შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ადვოკატი იზოლატორში დაუბრკოლებლად შეუშვეს.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, 11-12 მარტის აქციის საქმეზე დღეს კიდევ ერთი პირი დააკავეს – ირაკლი ჩხირკვია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი. მას სამართალდამცველებმა თბილისში წაუყენეს ბრალი – მასობრივი არეულობის ორგანიზება.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი