ნანა კვაჭაძე

სარედაქციო სვეტი ჟურნალ „ბათუმელების“ პირველ ნომერში

გამოქვეყნდა ჟურნალ “ბათუმელების” პირველ, 2017 წლის მარტის ნომერში. 

ჟურნალს, რომელსაც ახლა კითხულობთ, „ბათუმელები“ კი ჰქვია, მაგრამ სულაც არ არის მხოლოდ ბათუმზე. უბრალოდ ამ ჟურნალს ის გუნდი აკეთებს, რომელიც 16 წლის მანძილზე ყოველკვირეულ გაზეთ „ბათუმელებს“ გამოსცემდა.

წელს გადავწყვიტეთ, რომ „ბათუმელებმა“ ახალი სიცოცხლე დაიწყოს და გამოვა ჟურნალი, თვეში ერთხელ.

გაზეთ „ბათუმელების“ გამოცემის შეწყვეტის გადაწყვეტილება სულაც არ იყო იოლი. გაზეთმა 16 წელი იარსება და ამ ხნის მანძილზე არა ერთ გამოწვევას გაუძლო. გაზეთის და ახლა უკვე ჟურნალ „ბათუმელების“ მთავარ რედაქტორს, ეთერ თურაძეს, რომელმაც დააფუძნა ეს გამოცემა, ჯერ კიდევ უჭირს ამ გადაწყვეტილებასთან შეგუება.

მაგრამ „ბათუმელებისთვის“ ახლა სხვა გამოწვევების დრო დადგა. დღეს, ლაივსტრიმებისა და სოციალური მედიის ეპოქაში, როცა ახალი ამბები სულ უფრო და უფრო მოკლდება და მკითხველები ინტერნეტმედიაში ხშირად მხოლოდ სათაურებით ეცნობიან სიახლეებს, გადავწყვიტეთ, ჟურნალში მოგითხროთ ისეთ ამბებზე, რომელთაც უცებ ვერ დაივიწყებთ, წლების შემდეგაც ინტერესით წაიკითხავთ და ამბებზე, რომლებიც აგიხსნით წაკითხულ, მაგრამ მაინც გაუგებარ სათაურებს.

ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის ჟურნალისტიკა დღეს უფრო საჭიროა, ვიდრე ყოველკვირეული, „მალფუჭებადი“ თემების ანალიზი. მით უფრო, რომ შპს „გაზეთ ბათუმელებს“ აქვს ორი ვებგვერდი: netgazeti.ge და batumelebi.ge, სადაც ყოველდღიურად ვაშუქებთ ახალ ამბებს. ამიტომაც გადავწყვიტეთ ჟურნალის გამოცემა.

ცვლილებები არასდროს არის ადვილი. მაშინაც კი, როცა დარწმუნებული ხარ, რომ გადაწყვეტილება სწორია. „ბათუმელები“, როგორც ჟურნალი, ჯერ ისევ ჩამოყალიბების პროცესშია, თუმცა მას აქვს „ხასიათი“, რომელიც გაზეთ „ბათუმელებიდან“ ერგო – „ბათუმელები“ რჩება ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ, კრიტიკულ გამოცემად. მომავალ, აპრილის ნომერში ჟურნალს რამდენიმე ახალი რუბრიკა დაემატება და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.

ახლა კი ცოტა რამ ჟურნალ „ბათუმელების“ პირველ ნომერზე.

მოკლე ახალ ამბებში ადამიანებისთვის ადგილი აღარ რჩება. წელს ბათუმში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი დედა-შვილის ტრაგედია მხოლოდ მშრალი ფაქტის კონსტატაციად დარჩა და მალე დავივიწყეთ, არავინ დაინტერესებულა ამ ადამიანებით, მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულ საზოგადოებაში ასეთ ტრაგიკულ ამბავს ბევრი რამ შეიძლებოდა შეეცვალა და ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს საზოგადოების გულგრილობისა და გაუმართავი სოციალური პოლიტიკის მსხვერპლი.

სანამ სოციალური პოლიტიკა ქვეყნის ერთ-ერთ უმწვავეს გამოწვევად რჩება და გაურკვეველია როგორ აისახება სოციალური უფლებები კონსტიტუციაში, აჭარაში კომპანია, რომელიც მეხუთე წელია საერთაშორისო მაგისტრალზე ხიდს ვერ აკეთებს, მილიარდერი ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ხეების გადაზიდვითაა დაკავებული. ხეების გადაზიდვა, როგორც ჩანს, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, აი, სახელმწიფო მნიშვნელობის გზაზე ხიდი კი ჯერაც დაუსრულებელია. ჟურნალში ამაზე იპოვით სტატიას.

ამ ნომრის ერთ-ერთი მთავარი სტატია საქართველოში ყველაზე გახმაურებულ თემაზეა, რომელსაც „ციანიდის საქმეს“ უწოდებენ, თუმცა ჩვენი ფოკუსი არა ამ ბუნდოვანი საქმის დეტალების წარმოჩენა, არამედ კაცთმოყვარეობისა და თავისუფალი აზრის დეფიციტია ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მდიდარ ორგანიზაციაში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში.

კითხვების დასმის არასდროს უნდა შეგვეშინდეს, ზუსტად ისე, როგორც ცვლილებების. მხოლოდ ასე თუ დავაღწევთ თავს სტერეოტიპების ტყვეობას. თუმცა ეს პროცესია, ხანგრძლივი და ხშირად დაუსრულებელიც. მანამდე ჟურნალ „ბათუმელების“ პირველი ნომერი წაიკითხეთ.

ჩვენთვის, რედაქციისთვის და იმედი გვაქვს, ჩვენი ერთგული მკითხველისთვისაც, „ბათუმელები“ ადამიანივითაა, რომელსაც ელი, რომელსაც ეთანხმები ან არა, მაგრამ იცი, რომ არსებობს და ყველაზე რთულ დროს მისი იმედი გაქვს. მოგვწერეთ, თუ თქვენთვისაც ასეა. გვირჩიეთ, დაგვეხმარეთ, გაგვიზიარეთ.

მთავარი ფოტოზე: ნანა კვაჭაძე, „ბათუმელების” რედაქტორი 

__________________________________________________________

ჟურნალ “ბათუმელების” მეგობართა კლუბი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com