მთავარი,სიახლეები

ქალებმა თერთმეტი ქვეყნიდან საკუთარ უფლებებზე ბათუმში ისაუბრეს

21.04.2017 • 4000
ქალებმა თერთმეტი ქვეყნიდან საკუთარ უფლებებზე ბათუმში ისაუბრეს

მეთერთმეტე მასპინძელი ქვეყანა, საქართველოა. შეხვედრა ბათუმის ანბანის კოშკში დღეს საღამოს შედგა. „ქალთა უფლებლებები საქართველოში“ – ამ თემაზე სასაუბროდ ორგანიზაცია „ერთმანეთისთვის“ თავმჯდომარემ სოფიო ბაკურიძემ საქართველოში აკრედიტებული ელჩების ცოლები და ბათუმში მოქმედ ორგანიზაციებში დასაქმებული, ასევე სამოქალაქო სექტორში მოღვაწე ქალები მიიწვია.

სოფიო ბაკურიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მეუღლეა. როგორც თავად გვითხრა, ქალთა უფლებები და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა, ის თემებია, რომლებზეც მას სურს იმუშაოს და ამ მიმართულებით ის მეუღლის მხარდასაჭერად არ აქტიურობს. ეს არის სფეროები, რომლებიც მან, როგორც მოქალაქემ, აირჩია.

სოფიო ბაკურიძის პრეზენტაცია

სოფიო ბაკურიძის პრეზენტაცია


IMG_9426

დღეს გამართული შეხვედრის პირველი ნაწილი, რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის პრეზენტაციას დაეთმო. სოფიო ბაკურიძე სტუმრებს მოუყვა იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდნენ და რას წერდნენ შემდეგ ბათუმზე ცნობილი ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც სხვადასხვა დროს ბათუმში ცხოვრობდნენ. ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლმა კი აჭარაში ტურისტული ადგილების პრეზენტაცია შესთავზა სტუმრებს.

შეხვედრაზე შშმ პირების უფლებებზე ქობულეთის გამგეობის თანამშრომელმა ნინო ნოღაიდელმა ისაუბრა, ის ქობულეთის გამგეობაში ამ მიმართულებას კურირებს. მან ათი ქვეყნის ელჩების ცოლებს სთხოვა: „გადაეცით თქვენს ქვეყნებში შშმ პირებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ადაპტირებული გარემო შშმ პირების დასვენებისთვის“.

შეხვედრაზე გენდერულ საკითხებზე სასაუბროდ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ნინო ჩხეტია მიიწვიეს. ნინო ჩხეტიას თქმით, გენდერული თანასწორობისთვის ზრუნვა მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა უმაღლეს საბჭოში მუშაობისას. ვიდრე უმაღლეს საბჭოში ასმათ დიასამიძე შევიდოდა ლევან ვარშალომიძის ნაცვლად, ნინო ერთადერთი ქალი დეპუტატი იყო აჭარის უმაღლეს საბჭოში. შეხვედრაზე ნინო ჩხეტიამ სტუმრებს უამბო, რომ მასზე უმაღლეს საბჭოში ხუმრობდნენ, რომ „ერთი ქალია, მაგრამ ათ კაცს უდრის.“
IMG_9444

IMG_9437

სტუმრები დაინტერესდნენ რა ეტაპზეა ახლა საქართველო გენდერულ საკითხებთან მიმართებაში, რაზეც მათ „გენდერული თანასწორობის ქსელის“ კოორდინატორმა თამილა დოლიძემ უპასუხა, რომ დღეს ბათუმში, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, ხელმძღვანელ თანამდებობზე მამაკაცები ქალებს სჭარბობენ:

„მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოს პარლამენტში 15% ქალია და აჭარაში ერთი მინისტრი გვყავს ქალი. ამ სფეროში კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ციალა ქათამიძე დაინტერესდა თუ რა გზა განვლეს ამ მიმართულებით იმ ქვეყნებმა, რომლებსაც ელჩების მეუღლეები წარმოადგენდნენ და რა ეტაპზე არიან ახლა ეს ქვეყნები, როგორც გენდერული თანასწორობის მხრივ, ასევე შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად. თუმცა, თავად სტუმრებს ამ თემებზე არ უსაუბრიათ.

„აჭარაზე ბევრი არაფერი ვიცოდით და მართლაც ძალიან კარგი შეხვედრა იყო რეგიონის პოპულარიზაციისთვის. რაც ყველაზე მთავარია, ვისაუბრეთ ქალთა უფლებებზე. საოცარია, რომ ქალები ყველგან, ყველა ქვეყანაში იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა!“- განაცხადა ფრანჩესკა კელიმ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მეუღლემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრა ბათუმი „ანბანის კოშკი“ შედგა, შეხვედრაზე ბრაზილიის, საბერძნეთის, იაპონიის, ყაზახეთის, კორეის, თურქეთის, აშშ -ის ელჩების მეუღლეები, ასევე ნატოს ოფისის ხელმძღვანელის მეუღლე და თურქეთის, სომხეთის და ირანის კონსულების მეუღლეები იყვნენ მიწვეული.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს აჭარის ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებინებენ, სტუმრებს მიიწვევენ ასევე ქართული ფოლკლორისა და ეთნო-პოპის კონცერტებზე.
IMG_9449

გადაბეჭდვის წესი


ასევე: