შუახევის ოთხ სკოლას სამინისტროს მიერ დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არ ჰყავს

შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ კვიახიძეების, დღვანის, ლომანაურის და ნაღვარევის საჯარო სკოლებს თითქმის ერთი წელია, საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით დანიშნული მოვალეობის შემსრულებლები არ ჰყავს. ისინი მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები არიან.

შუახევის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ედუარდ გოგრაჭაძის ინფორმაციით, საჯარო სკოლებს ადმინისტრაციული ხარჯების მართვის და სახელმწიფო შესყიდვების დროს, გარკვეული პრობლემები ექმნებათ.

„სკოლის საბანკო ანგარიშებთან წვდომა აქვთ ამ პირებს, თუმცა შემოსავლების სამსახურის ბაზაში ისინი არ არიან რეგისტრირებულნი როგორც დირექტორები. ამიტომ, როცა სახელმწიფო შესყიდვებს აწარმოებენ, კომპანიების ხელმძღვანელებთან გაუგებრობები ჩნდება, რადგან ისინი ბაზაში არ ჩანან როგორც დირექტორები“-გვეუბნება რესურსენტრის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, ბაზაში დირექტორად ყოფილი დირექტორები არიან ფიქსირებული და ხელშეკრულება უნდა გააფორმოს დროებით მოვალეობის შემსრულებელმა, რომელიც ბაზაში არ ჩანს, როგორც უფლებამოსილი პირი.

„ასეთ დროს მოვალეობის შემსრულებლებს სჭირდებათ რომ წარადგინონ ყოფილი დირექტორის გათავისუფლების ბრძანება, შემდეგ, ამ დირექტორის შიდა ბრძანება მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნაზე და ა.შ.  თუმცა დროში მაინც ჭიანურდება საქმის კეთება. ერთი სიტყვით, ბიუროკრატიულ ბარიერებს იწვევს“-ამბობს ედუარდ გოგრაჭაძე.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თუკი სკოლა ვერ ახერხებს დირექტორის არჩევას, ასეთ დროს, აჭარის განათლების სამინისტრომ ოფიციალურად უნდა მიმართოს საქართველოს განათლების სამინისტროს და აცნობოს ამის შესახებ.

„აჭარის განათლების სამინისტროსგან კი ასეთი წერილობითი მიმართვა გამოგზავნილი არ არის“-ამბობენ სამინისტროს პრესსამსახურში.

აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით კი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლების კანდიდატურები რესურსცენტრს უნდა შემოეთავაზებინა, რაც არ ყოფილა.

რესურსცენტრის ხელმძღვანელი  კი ამბობს, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს მათ ამის შესახებ 2014 წელს აცნობეს, „თუმცა იმ პერიოდში დირექტორების გამოცდები მიმდინარეობდა და შედეგებს ველოდებოდით.

„ის პირებიკი, ვისაც დირექტორობის საკვალიფიკაციო გამოცდები ჩააბარეს, ყველა დაინიშნენ სხვადასხვა სკოლებში დირექტორებად და შესაბამისი რაოდენობის კადრები არ აღმოჩნდა რომ სამინისტროს ეზრუნა მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნაზე“-გვეუბნება ედუარდ გოგრაჭაძე.

შუახევის რესურცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთა დანიშვნისთვის, აპირებენ ხელმეორედ მიმართონ განათლების სამინისტროს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com