მთავარი,სიახლეები

„ბათუმის აქციის” ორი არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმის განხილვა დაიწყო

21.04.2017 • 1543
„ბათუმის აქციის” ორი არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმის განხილვა დაიწყო

11-12 მარტის აქციის მონაწილე ორი არასრულწლოვნის საქმის განხილვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დაიწყო. მასობრივი არეულობისა და პოლიციელებისადმი თავდასხმის ბრალდებით პროკურატურას ამ საქმეზე სულ 19 პირი ჰყავს დაკავებული. დღეს, 21 აპრილს, პირველად არასრულწლოვანი ბრალდებულების პროცესი გაიმართა.

არასრულწლოვნებიდან ერთ-ერთი 16 წლისაა და მან დაკავებისთანავე აღიარა დანაშაული. ის სასამართლოს გირაოს საფუძველზე ჰყავს ამ დროისთვის გათავისუფლებული.

ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებისთვის მოლაპარაკება პროკურატურასა და დაცვის მხარეს შორის არ მიმდინარეობს, თუმცა ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მძიმე კატეგორიის დანაშაულის მიუხედავად, სასამართლოს შეუძლია მისთვის პირობითი მსჯავრის შეფარდება, რადგან ბრალდებული 16 წლისაა.

სასამართლოს დახურულ სხდომაზე პროკურატურამ, პოლიციელების გარდა, რიგითი მოქალაქეების ჩვენებებიც წარმოადგინა. საქმეშია ასევე ვიდეომტკიცებულებებიც, თუმცა კონკრეტულად არასრულწლოვანი კადრებში არ ჩანს. ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ მან ქვები პოლიციელების მანქანას ესროლა.

მეორე არასრულწლოვანი 17 წლისაა და ის ახლაც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ბრალდებულს არასდროს უვლია სკოლაში და მან წერა-კითხვა არ იცის.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღევანდელ სხდომაზეც იმსჯელა ამ ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხზე, თუმცა პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლებაზე სასამართლომ უარი თქვა. ეს არასრულწლოვანი არ აღიარებს დანაშაულს.

არასრულწლოვანი ბრალდებულების ინტერესებს “იურიდიული დახმარების სამსახურის” იურისტები: მამუკა ზოიძე და მალხაზ ზოიძე იცავენ.

მთავარ ფოტოზე: 12 მარტი, აქცია პოლიციის სამმართველოს შენობასთან. მანანა ქველიაშვილის ფოტო 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: