მთავარი,სიახლეები

ირაკლი ცეცხლაძე „5 მილიონის საქმეზე“: თავს დამნაშავედ ვცნობ

21.04.2017 • 5184
ირაკლი ცეცხლაძე „5 მილიონის საქმეზე“: თავს დამნაშავედ ვცნობ

ვიდრე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი დაასრულებდა კითხვას: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“ ირაკლი ცეცხლაძე ბრალდებულისთვის განკუთვნილი საკნიდან ფეხზე წამოდგა და თქვა: „თავს დამნაშავედ ვცნობ და სრულად ვეთანხმები წარდგენილ ბრალს“.

„გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, თქვენ შეიძლება მოგესაჯოთ 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა,“ – მიმართა ბრალდებულს მოსამართლემ.

ირაკლი ცეცხლაძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 5 მილიონი ლარის მითვისება ედება ბრალად. ის შპს „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორი იყო, ხოლო თანხა ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის იყო განკუთვნილი.

შპს „ჰიგიენა 2009“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა. სამინისტრომ თანხის მითვისების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 22 თებერვალს გაავრცელა. ირაკლი ცეცხლაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის 6 მარტს დააკავა.

ამ საქმის გამხილვას უპრეცედენტოდ მოკლე დროში დაასრულებს სასამართლო. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი ვერ მოისმენს ვერც ერთი მოწმის ჩვენებას. მიზეზი მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებაა მტკიცებულებების უდავოდ ცნობაზე. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო პროკურორისა და ადვოკატის მხოლოდ შესავალ და დასკვნით სიტყვებს ისმენს.

შესავალ სიტყვაში პროკურორმა დავით ჭარბაძემ დეტალურად აღწერა, რომელ წლებში ირიცხებოდა თანხა სახელმწიფო შპს-ს ანგარიშებზე. მისი თქმით, თანხის ძირითადი ნაწილი 2016 წლის მარტში ჩაირიცხა. პროკურორს არ უთქვამს, კონკრეტულად როდის გამოიტანა „საქართველოს ბანკიდან“ თანხა ირაკლი ცეცხლაძემ. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 4 მილიონ 984 ათას 200 ლარი მიითვისა.

სად დააკავეს ირაკლი ცეცხლაძე, ასევე აპირებს თუ არა გამოძიება ამავე საქმეზე სხვა პირების დაკავებას – პროკურორმა დავით ჭარბაძემ „ბათუმელების“ კითხვებს პროცესის დასრულების შემდეგ არ უპასუხა.

ადვოკატმა ომარ ხაჯიშვილმა სასამართლო პროცესზე ხაზი გაუსვა იმას, რომ მითვისებული თანხის ნაწილი, კონკრეტულად კი, 600 ათასი ლარი უკვე ამოღებულია.

„ის დაკავების დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან და სრულად აღიარებს წარდგენილ ბრალს. მას ჰყავს მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი და პენსიონერი მშობლები. გთხოვთ, ეს გაითვალისწინოთ“, – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ომარ ხაჯიშვილმა.

მოსამართლეს მხარეებმა უთხრეს ისიც, რომ საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

„კარგით, მაშინ დასკვნით სიტყვებს შემდეგ სხდომაზე მოვისმენთ,“ – გამოაცხადა მოსამართლემ. თამარ ბეჟანიშვილმა იქვე დააზუსტა, რომ საქმის მრავალტომიან მასალებს ჯერ კარგად არ იცნობს და დრო სჭირდება.

დასკვნითი სიტყვებისა და ბრალდებულის საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა „ხუთი მილიონის საქმეზე“ განაჩენი უნდა გამოაცხადოს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ირაკლი ცეცხლაძემ დავით ბალაძის მინისტრობის დროს მიითვისა სახელმწიფოს კუთვნილი თანხა. დავით ბალაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოზიციიდან 2016 წლის ივლისში გადადგა. სამსახურიდან ასევე წავიდა თამაზ ხაბაძე, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის და ამჟამად პარლამენტის წევრის, არჩილ ხაბაძის მამა. თამაზ ხაბაძე ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა და მის წინაშე უშუალოდ იყო ანგარიშვალდებული ირაკლი ცეცხლაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: