ბათუმი,სიახლეები

ბეტონის ქალაქად ქცეული მუყაოს ქალაქი ბათუმში

20.04.2017 • 8129
ბეტონის ქალაქად ქცეული მუყაოს ქალაქი ბათუმში

ხუთი წლის წინ ხელვაჩაურში გაჩენილი მუყაოს ქალაქიდან, რომელსაც ასევე „ოცნების ქალაქადაც“ მოიხსენიებენ,  დღეს მხოლოდ სახელი და რამდენიმე ათეული მუყაოს ქოხია დარჩენილი. ხის ნაგებობებს კაპიტალური შენობები ენაცვლება.  ერთმანეთის მსგავსი, ნაცრისფერი ბლოკით ნაშენი სახლები ზუსტად იმ ადგილას დგას, სადაც ადრე ხისა და მუყაოს ფიცრულები იდგა. ამ წუთებშიც „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს. სახლებს ძველი მცხოვრებლებიც აშენებენ და ერთი კვირის წინ შემატებულებიც.

„საღამოს ხედავ ადგილს  ცარიელია, დილას გამოხვალ ნახავ შეღობილია და უკვე შენებაცაა დაწყებული. მაქსიმუმ ათ დღეში შენდება ახალი ბეტონის სახლები,“ – „ბათუმელებთან“ საუბარში ასე აღწერს „ოცნების ქალაქში“ მიმდინარე პროცესს იქ მცხოვრები ნანი სურმანიძე.

ნანი თავის მეზობლებთან ერთად იმ ტერიტორიას იცავს, სადაც ხუთი წლის წინ თავადაც უკანონოდ დასახლდა.

„აქ ახლოს ჩვენ არ ვაძლევთ უფლებას ჩაგვიდგან სახლი, თორემ მოვლენ და უცებ ააშენებენ. არაფერი ამ პროცესს არ არეგულირებს. გაფორმებული ვინმეს სახლი არ აქვს. კაცმა ცარიელი ადგილი ნახა, მივიდა და დადგა სახლი. რომ დაუშალო რას გეტყვიან იცი? შენ თუ გაგიჭირდა და ჩადგი, ჩვენც გვიჭირს და ვდგამთო. ჩვენც ვერაფერს ვერ ვამბობთ, ყოველდღე იზრდება და იჭედება ეს ქალაქი“, – ამბობს ნანი სურმანიძე.

„ოცნების ქალაქის“ კიდევ ერთი მცხოვრები შორენა არძენაძე ამბობს, რომ წლებმა, რომელიც ერთ დროს მუყაოს ქოხებით სავსე ტერიტორიაზე გაატარეს, მოსახლეობა აიძულა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ეფიქრა: „თვალის ერთი გადავლებითაც ნახავთ, დიდ ნაწილს მუყაოს სახლი აღარ აქვს. ბეტონის სახლები ჩადგეს. როდემდე უნდა გყავდეს ბავშვები ხის ფიცრულში?“ – სვამს ის რიტორიკულ კითხვას.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებნი ამბობენ, რომ ხშირად არა, მაგრამ არის შემთხვევები, როცა უნებართვოდ დაკავებულ მიწებს მფლობელები უკანონოდ ყიდიან. მყიდველი ამ შემთხვევაში ყიდულობს ადგილს, რომელიც გამყიდველმა უნებრათვოდ დაიკავა და იქ ფიცრული ჩადგა. არის გაქირავების შემთხვევებიც.

"ოცნების ქალაქი"

“ოცნების ქალაქი”

2015 წლის ბოლოს სპეციალურმა კომისიამ, რომელიც „ოცნების ქალაქის“ საკითხს სწავლობდა, დაასკვნა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე 1000-ზე მეტი ოჯახი სახლობდა. დღეს ოცნების ქალაქში მცხოვრებნი ამბობენ, რომ მათი დასახლება ყოველდღე იზრდება და იქ 2000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.

ტერიტორია, რომელზეც უკანონოდ შეჭრილები ცხოვრობენ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა. რატომ არ აკონტროლებს აჭარის მთავრობა მისი კუთვნილი ქონების მიტაცებას და ვინ უნდა აღკვეთოს ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრის პროცესი? – ამ კითხვაზე პასუხის მიღებას „ბათუმელები“ სხვადასხვა უწყებებიდან მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ ტერიტორიაზე დაცვა დაყენებული არ არის. „არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც უკანონო მშენებლობების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება ევალებათ“, – განმარტეს ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური.

„შესაბამისი სამსახური“ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურია. სამსახურის უფროს ზაალ მამუჭაძესთან დაკავშირება დღეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

 

IMG_0102 (Copy)

 

IMG_0064 (Copy)

"ოცნების ქალაქი"

“ოცნების ქალაქი”

IMG_0080 (Copy)

IMG_0131 (Copy)

IMG_0105 (Copy)

IMG_0061 (Copy)

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: