სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება

13.04.2014 • 2278
საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება

 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გამოეხმაუროს მიმდინარე წლის 11 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის შესასვლელთან ჩატარებულ აქციას, რომლის დროსაც აქციის მონაწილეების მხრიდან გაისმა მუქარისა და შეურაცხყოფის შემცველი განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ, ზიანი მიადგა სასამართლოს საკუთრებას. აქციის მონაწილენი, მუქარის გამოყენებით, მოითხოვდნენ მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს, მისი თითოეული წევრის პოზიციაა, რომ ნებისმიერ პირს ან პირთა ჯგუფს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს საკუთარი აზრი. გამოხატვა, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს მისი შინაარსი, დაცულია კონსტიტუციით.

 

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სიახლოვეს საპროტესტო აქციის ჩატარების შესაძლებლობა, ნებისმიერ პირს სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად მიეცა. 2011 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის ის ნორმა, რომელიც კრძალავდა მთელი რიგი დაწესებულებების და, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს სიახლოვეს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას.

 

ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლების უფლება ცალკეულ პირებს არ აძლევს შესაძლებლობას, გასცდნენ კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ზღვარს. საკონსტიტუციო სასამართლოს, მისი წევრის მიმართ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით განხორციელებული მუქარა, ისევე როგორც სასამართლოს საკუთრების ხელყოფა, წარმოადგენს დანაშაულს და იგი დაუყოვნებლივ უნდა იყოს აღკვეთილი სამართალდამცავი ორგანოების მიერ. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომხდარი ინციდენტი შესაბამისი უწყებების მიერ დროულად და ადეკვატურად იქნება შესწავლილი და შეფასებული.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საბოლოოა და სავალდებულოა შესასრულებლად. ისინი, იმავდროულად, ღიაა საზოგადოებრივი დისკუსიისთვის. ამასთან, დისკუსიაში მონაწილე პირები და განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლები, ვალდებული არიან თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი და მცდარი შინაარსის განცხადებების გავრცელებისაგან, რამაც, შესაძლებელია, მომავალშიც წაახალისოს სხვადასხვა ჯგუფების მიერ სასამართლოზე ზემოქმედების მიზნით კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: