მთავარი,სიახლეები

პრეზიდენტთან შეხვედრას ბათუმში “ქართული ოცნება“ არ დასწრებია

20.04.2017 • 1704
პრეზიდენტთან შეხვედრას ბათუმში “ქართული ოცნება“ არ დასწრებია

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ესაუბრა. შეხვედრას, რომელიც ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, „ქართული ოცნებიდან“ არავინ დასწრებია.

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მიმოიხილა და ხაზი გაუსვა იმ საფრთხეებს, რაც ცვლილებების დამტკიცებას შესაძლოა მოჰყვეს, მაგალითად, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებას, ან იმას, რომ მომავალი პრეზიდენტი საერთოდ ვეღარაფერს გადაწყვეტს პრემიერთან შეთანხმების გარეშე. ასევე კონსტიტუციაში ტერმინის „მთავარსარდლის“ გაუქმებას და პრეზიდენტის დატოვებას უშიშროების საბჭოს გარეშე.

„იმედი მქონდა, რომ თქვენ ხაზს გაუსვამდით არჩევნების პროპორციული სისტემის შემოღებას. ეს არის, მგონი, პოზიტიური შედეგი ამ პროცესის,“ – მიმართა პრეზიდენტს ასლან ლორთქიფანიძემ. ის „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრია და პოლიტოლოგის სტატუსით გაეცნო პრეზიდენტს. პროპორციული საარჩევნო სისტემა გულისხმობს საპარლამენტო მანდატების გადანაწილებას მიღებული ხმების შესაბამისად და მაჟორიტარული დეპუტატობის სისტემის გაუქმებას.

გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ ეს მართლაც პოზიტიური მხარეა ამ პროცესის, თუმცა პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, აქამდეც შესაძლებელი იყო იმავეს გაკეთება, მათ შორის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო კომისიამ ბევრ მნიშვნელოვან საკითხს აარიდა თავი, მათ შორის, ტერიტორიულ მოწყობას.

თვითმმართველობისა და აჭარის ავტონომიის შესახებ შეკითხვა პრეზიდენტს პროფესორმა ნოდარ ჩხეიძემ დაუსვა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ისევ თავს არიდებს დეცენტრალიზაციის საკითხს:

„რეალურად ჩვენ ისევ თავს ვარიდებთ თვითმმართველობას…. ჩვენ რაც შეიძლება მეტად უნდა გავაძლიეროთ ავტონომიურობა. გასაგებია, რომ შესაძლოა უფრო მეტი შეცდომა დავუშვათ ამ პროცესში, მაგრამ ადამიანებს უნდა მივცეთ შეცდომის დაშვების უფლებაც“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მანდატების გადანაწილების წესზე შეკითხვა პრეზიდენტს პეტრე ზამბახიძემ დაუსვა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა. გიორგი მარგველაშვილმა შენიშნა, რომ კითხვა სტუდენტებმაც დაუსვეს და არ მოერიდა გამეორებას, რომ ეს წესი „გაუგებარი ლოგიკითაა“ მიღებული. მანდატების გადანაწილების წესის მიხედვით, არჩევნებში გამარჯვებული პარტია ყველა გაუნაწილებელ მანდატს იღებს ხელში.

„ბატონო პრეზიდენტო, ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი ეს კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ არის დაგვიანებული. ადრეც შეგეძლოთ გეაქტიურათ და უფრო მეტი შედეგისთვის მიგეღწიათ“ – მიმართა პრეზიდენტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მირდატ ქამადაძემ. კითხვის პასუხად გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ წინა წლებშიც ის მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობით ცდილობდა პროცესზე პოზიტიური გავლენის მოხდენას.

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა წევრმა, გია აბულაძემ პრეზიდენტს უთხრა, რომ მოსახლეობა საერთოდ არაა ინფორმირებული საკონსტიტუციო ცვლილებების დეტალებზე: „ჩვენ მოვითხოვეთ, რომ გამოქვეყნებულიყო ტექსტი, რას ცვლიან. ამ ეტაპზე რეგიონში არავინ იცის, რეალურად რა შეიცვლება ქვეყნის მთავარი კანონის კიდევ ერთხელ შეცვლის შემდეგ“.

პრეზიდენტთან შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: