აჭარაში სკოლის დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის უფლებას ითხოვენ

აჭარის უმაღლესი საბჭო აპირებს საქართველოს პარლამენტში წარადგინოს კანონპროექტი, რომელიც სკოლის დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნას ითვალისწინებს აჭარის განათლების სამინისტროს მიერ. აღნიშნულ კანონპროექტზე წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში „რესპუბლიკელი“ გიორგი მასალკინი მუშაობდა, თუმცა  კანონპროექტმა პარლამენტამდე ვერ მიაღწია.

აჭარის განათლების სამინისტროსგან დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის თემა ამჯერად „ქართული ოცნების“ წევრმა ლადო მგალობლიშვილმა გააცოცხლა. რატომ უნდა დანიშნოს აჭარის განათლების სამინისტრომ დირექტორების მოვალეობის შემსრულებლები და რატომ არის ეს საკითხი ასეთი პრინციპული უმაღლესი საბჭოსთვის? ამ თემაზე „ბათუმელებს“ უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლაგო მგალობლიშვილი პასუხობს.

ბატონო ლადო, თქვენამდე ამ საკითხზე მსჯელობდნენ წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოშიც, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ის, რომ საჯარო სკოლებში დირექტორების მოვალეობის შემსრულებლები აჭარის განათლების სამინისტრომ დანიშნოს?

ზოგადი განათლების შესახებ კანონი მიღებული იქნა 2005 წელს და თავიდანვე არ ჰქონდა აჭარის განათლების სამინისტროს მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის უფლება. ამის შემდეგ ეს საკითხი რამდენჯერმე იყო დაყენებული დღის წესრიგში, თუმცა ვერ მოხერხდა მაშინ ამაზე შეთანხმება ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

რატომ ფიქრობთ, რომ ახლა მოხერხდება?

მოხერხდა უკვე, რადგან ამაში აქტიურად იყო ჩართული ჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი, სულიკო თებიძე (მინისტრის მოადგილე), მეც ვიყავი ჩართული. თბილისში ვაწარმოეთ მოლაპარაკებები და უკვე საქართველოს განათლების მინისტრისგან, ალექსანდრე ჯეჯელავასგან გვაქვს წერილობითი თანხმობაც.

როდის მიიღეთ წერილობითი თანხმობა?

დაახლოებით 20 დღე ან ერთი თვე იქნება, რაც ეს თანხმობა გვაქვს. მინისტრი მხარს გვიჭერს და ასეთი მხარდაჭერა არც ერთი მინისტრისგან არ გვქონია.

პარლამენტში ვისთან აწარმოებდით მოლაპარაკებებს?

მარიამ ჯაშთან გვქონდა ამაზე არაოფიციალური საუბარი, როცა ბათუმში იმყოფებოდა. ჩვენ გვითხრეს, რომ მთავარი იყო შესაბამის სამინისტროსგან გვქონოდა თანხმობა, რადგან ამას პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს. უკვე წარედგინება პარლამენტს და დარწმუნებული ვართ, რომ საკითხი მხარდაჭერილი იქნება.

რას შეცვლის სკოლაში ის, რომ აჭარის განათლების სამინისტრო დანიშნავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს?

დღეს აჭარაში არის 222 საჯარო სკოლა, აქედან დაახლოებით 140-ში არის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნული. მოვალეობის შემსრულებლის საკითხი როცა დგება, აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან სწრაფად დაინიშნოს, რადგან არ შეფერხდეს სკოლაში ადმინისტრაციული პროცესი. ამჟამად ეს ცენტრალური სამინისტროსგან ხდება და გარკვეული პროცედურები, დრო სჭირდება, სადღაც 2-3 თვე… სკოლის ადმინისტრაციის სხვა პირებს კი არ აქვთ სკოლის მართვის უფლება.

დირექტორს მოადგილე ხომ ჰყავს, მას არ აქვს სკოლის მართვის უფლება?

დირექტორი თუ სკოლიდან წავიდა, მას შიდა ბრძანებით აქვს განსაზღვრული, ვინ ასრულებს ამ დროს მოვალეობას, მაგრამ არც ერთ პირს არ აქვს საბანკო ანგარიშებზე წვდომა, მათ შორის არც მოადგილეს. ამიტომ, როცა მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლება აჭარას ექნება, ეს საკითხი მაქსიმუმ ორი-სამი დღის ვადაში გადაწყდება.

შეგიძლიათ დაასახელოთ ერთი ფაქტი მაინც, სადაც მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იყო პრობლემა?

მე მგონი შუახევში იყო მსგავსი პრეცედენტი, ზუსტად არ მახსოვს.

მოვალეობის შემსრულებელი რა წესით უნდა დაინიშნოს?

უმარტივესია, შეარჩევს, ვთქვათ, რესურსცენტრი და მაშინვე მოხდება მინისტრთან შეთანხმება და  ის ერთ ან ორ დღეში დანიშნავს.

სკოლის დირექტორს მოეთხოვება საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება, ტრენინგებში მონაწილეობა და ა.შ. მოვალეობის შემსრულებლებლად როცა დაინიშნება პირი, მასაც იგივე კვალიფიკაცია მოეთხოვება თუ არა?

მოვალეობის შემსრულებელს არ სჭირდება გამოცდების ჩაბარება, ის შეიძლება იყოს  სკოლის ნებისმიერი თანამშრომელი. ხულოში, სოფელ ტუნაძეებში ვინ უნდა იყოს მოვალეობის შემსრულებელი, როგორ შეარჩევს საქართველოს განათლების სამინისტრო აჭარის განათლების სამინისტროზე უკეთესად.

ამ ლოგიკით, მაშინ ვერც სხვა რეგიონებში ვერ შეარჩევს საქართველოს განათლების სამინისტრო კადრებს.

სხვა რეგიონებს არ ჰყავს მათი განათლების მინისტრი და ჩვენ გვყავს, ავტონომია ვართ და სამინისტრო გვაქვს. ამიტომ ჯობია ადგილზე გადაწყდეს ასეთი საკითხები.

მოვალეობის შემსრულებელი რა ვადით უნდა იყოს?

ვადა არ არის კანონში გაწერილი.

თუ ვადა არ არის გაწერილი, ეს ხომ შეიცავს იმის რისკებს, რომ მოვალეობის შემსრულებლად ისეთი პირი დარჩეს დიდხანს თანამდებობაზე, ვისაც არ ექნება საკმარისი კვალიფიკაცია?

მოვალეობის შემსრულებელი ვინც არის, ყველგან არის კვალიფიციური ხალხი, მაგრამ ზოგიერთი არის ისეთიც, რომ საერთოდ არ აქვს დირექტორობის ამბიცია და ელოდება არჩეული დირექტორის მისვლას.

სწორედ მაგას გეკითხებით – თუკი ადამიანს არ აქვს დირექტორობის  მოტივაცია და ის მაინც რჩება გარკვეული დროით დირექტორის პოსტზე, ეს არ აისახება სკოლის მენეჯმენტზე ნეგატიურად?

მოვალეობის შემსრულებლის არჩევა ხდება იმის მიხედვით, ვინც იმ კონკრეტულ სკოლაში არის ავტორიტეტული ფიგურა და გააჩნია მენეჯერის უნარ-ჩვევები.

ადგილობრივ დონეზე  მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნა ხომ არ გააჩენს ნეპოტიზმის რისკებს?

ევროპული მმართველობის მთავარი პრინციპია, რომ უფრო ახლოს, ადგილზე უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება და ეს მუშაობს მთელ მსოფლიოში და ჩვენს რეგიონშიც კარგად იმუშავებს.

როდის აპირებთ ამ კანონპროექტის მიღებას?

უმაღლესი საბჭოს მომდევნო სხდომაზე მივიღებთ ალბათ დადგენილებას და შემდეგ წარვუდგენთ პარლამენტს და ეს იქნება პირველი საკანონმდებლო ინიციატივა ჩვენი მოწვევის უმაღლესი საბჭოდან საქართველოს პარლამენტში.

 

საქართველოს განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანება დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანება დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com