მთავარი,სიახლეები

პაციენტისადმი კეთილგანწყობილი კლინიკის ტიტულის მფლობელი ჰოსპიტალი ბათუმში

20.04.2017 • 7153
პაციენტისადმი კეთილგანწყობილი კლინიკის ტიტულის მფლობელი ჰოსპიტალი ბათუმში

ნინო ქაჯაია, ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორის მოადგილე კლინიკურ დარგში, მედიცინის დოქტორი, კრიტიკული მედიცინის პროფესორი

ერთ წელზე ცოტა მეტი გავიდა, რაც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი გაიხსნა. თუმცა, ეს მცირე დროც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ იგი ერთ-ერთი ლიდერი გამხდარიყო ჯანდაცვის სფეროში. როდესაც ჰოსპიტლის გახსნაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ აღინიშნოს ჰოსპიტლის დირექტორის – ისმეთ დინდარის განსაკუთრებული წვლილი. ბატონი ისმეთი საქართველოში პირველად 1993 წელს ჩამოვიდა და ეპიზოდურად აკეთებდა ოპერაციებს. 2016 წელს კი მისი დიდი ძალისხმევით შეიქმნა ჩვენი ჰოსპიტალი, რომელიც ინტერვენციული კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის ფლაგმანი გახდა ქვეყანაში.

სერვისები

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მრავალპროფილური კლინიკაა, სადაც მაღალი ხარისხის ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება გვაქვს. ჩვენს პაციენტებს 17 სხვადასხვა მიმართულებით ვთავაზობთ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას. თუმცა მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და მუდმივად ძიებაში ვართ, ვსწავლობთ, თუ რაზეა მოთხოვნა საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში, ამ მოთხოვნის შესაბამისად ოპერატიულად ვახდენთ რეაგირებას და ჩვენს საქმიანობაში მათ დანერგვას.

ჩვენს ჰოპიტალში უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებია დანერგილი, მსოფლიო ბრენდების ციფრული აპარატურა ზუსტი კვლევებისა და დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა კლინიკამ პერინატალური მომსახურების მესამე დონე მიიღო და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სელექტიურ კონტაქტირებაში ჩაერთო. აჭარის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებს შორის ჩვენ პირველმა მივიღეთ სანებართვო მოწმობები 2017 წელს ლაბორატორიული საქმიანობისთვის.
ლაბორატორია 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

მედიკოსები

ვცდილობთ, ჩვენს კლინიკაში მუშაობდნენ პროფესიონალი კადრები და ჩვენი კონსულტანტები იყვნენ საქართველოში გამოჩენილი ექიმები. რა თქმა უნდა, ვამაყობთ უცხოელ სპეციალისტებთან თანამშრომლობით, რომლებიც ჩვენთან არა მარტო აკეთებენ ქირურგიულ ოპერაციებსა და ატარებენ კონსულტაციებს, არამედ უშუალოდ მონაწილეობენ ჩვენს ჰოსპიტალში დასავლური სტანდარტების დანერგვასა და ხარისხის კონტროლში.

ჰოსპიტლის მედიკოსთა გუნდში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა, შეემატნენ ახალი კადრები. ბევრ მათგანს განათლება უცხოეთში აქვს მიღებული და დიდი გამოცდილება აქვს თავის სფეროში.

ჩვენი კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა ბატონი კახა ჩიხრაძე, რომელიც საქართველოში თანამედროვე გადაუდებელი მედიცინის პრინციპების შემომტანი და ამ მიმართულების უდავო ლიდერია. სამეანო-გინეკოლოგიურ მიმართულებას მამუკა მიქაძე უხელმძღვანელებს, ნეონატოლოგიას – მანანა წულუკიძე, ნევროლოგიას – მიხეილ მჟავანაძე.

უპირატესობა

ჩვენი ძირითადი უპირატესობა სამედიცინო კოლექტივია, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, მაგრამ მთავარი მაინც არის პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა. ჩვენი ჰოსპიტალი ერთ-ერთი პირველი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც პაციენტის უფლებების დამცველის ინსტიტუტი ამოქმედდა. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევების საფუძველზე ჩვენ გავხდით 2017 წლის გამარჯვებული და პაციენტისადმი კეთილგანწყობილი კლინიკის ტიტულის მფლობელი.

მიზანი

ჩვენი მიზანია, ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი გახდეს საქართველოს და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო მომსახურების ცენტრი, სადაც დაინერგება საერთაშორისო დონის სტანდარტები მკურნალობის, სამედიცინო მოვლის, სერვისის მიმართულებით.

საქართველოს ბევრი მოქალაქე სამედიცინო მომსახურების (სამკურნალოდ) მისაღებად უცხოეთში მიდის, რაც დაკავშირებულია დიდ მატერიალურ ხარჯთან.

ჩვენი ჰოსპიტლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, შევქმნათ სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მისცემს მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონის და, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობას საშუალებას, მიიღონ არანაკლები და, ზოგ შემთხვევაში, უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და სერვისი, რომელიც არის დანერგილი მსოფლიოს წამყვან კლინიკებში.

ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ჩვენ გვაქვს ყველა მონაცემი, სათანადო სამედიცინო სერვისები და ის აუცილებელი ბაზა, რაც საჭიროა დასახული მიზნის მისაღწევად.

es 2

_________________________________________________

მისამართი:
ბათუმი, გენერალ ასლან აბაშიძის 14 
+995 422 21 33 33
info@bih.ge
BIH LOGO - PNG

გადაბეჭდვის წესი


ასევე: