მთავარი,სიახლეები

ბათუმის უბნები სასმელი წყლის გარეშე – პრობლემის მოგვარებას 50 მილიონი ევრო დასჭირდება

20.04.2017 • 2995
ბათუმის უბნები სასმელი წყლის გარეშე – პრობლემის მოგვარებას 50 მილიონი ევრო დასჭირდება

ბათუმში, დავით კაკაბაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ერთ ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება. მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას მხოლოდ წინასაარჩევნოდ ჰპირდებიან, ბათუმის მერიაში კი ეუბნებიან, რომ მათ უბანში წყლის სისტემის მოწყობის გეგმაც კი არ განიხილება. თითქმის ანალოგიური სიტუაციაა ბათუმს შემოერთებულ სხვა დასახლებებშიც ხელვაჩაურიდან აეროპორტამდე მონაკვეთში. მოსახლეობა სასმელად აქ „უცნობი წარმოშობის“ გრუნტის წყალს იყენებს.

„სასმელი წყლის პრობლემა გვაქვს ე.წ. აეროპორტის დასახლებაში. დავით კაკაბაძის ქუჩაზე ვცხოვრობთ. ადრე ჩვენი ქუჩა გრძელი იყო და როცა ახალი ბულვარიდან ახალი გზა გამოიყვანეს, საგრძნობლად დამოკლდა ჩვენი ქუჩა. იქითა მხარეს წყალი გაუყვანეს, ჩვენ კი დაგვტოვეს უწყლოდ… ვიღაცეები საარჩევნოდ მოსულები როცა იყვნენ, დაგვპირდნენ, აუცილებლად მოვიყვანთ წყალსო, მაგრამ, არა და არ დაადგა საშველი. მიწიდან ვქაჩავთ უცნობი წარმომავლობის წყალს, დასალევად ბავშვებისთვის ვერ ვიყენებთ – ექიმებმა გვირჩიეს ნუ დაალევინებთო. მილსადენზე წყლის ფილტრს ახალს როცა დავაყენებ, 10–15 დღის შემდეგ იმისთანა სურათს ვხედავ, მეც მეშინია მაგის დასალევად გამოყენება. ერთი სიტყვით, საზიზღრობა გროვდება შიგნით“, – გვწერს მურად ევგენიძე.

კომპანია „ბათუმის წყლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ კაკაბაძის ქუჩის ერთ ნაწლში ნამდვილად ჰყავთ აბონენტები და მათ ჩვეულებრივად მიეწოდებათ სასმელი წყალი. „რაც შეეხება ქუჩის მეორე ნაწილს, მათი აბონენტებად აყვანა მოხდება მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მაგ ტერიტორიაზე სასმელი წყლისა და კანალიზაციის ახალი ქსელი მოეწყობა. უნდა განხორციელდეს წყალმომარაგების პროექტში ცვლილება და სისტემის შეცვლის შემდეგ ექნებათ 24 საათიანი წყალმომარაგება. რაც შეეხება ქსელის რეაბილიტაციის ფაზებს, სამუშაოებს კურირებს და მონიტორინგს უწევს ბათუმის მერია“, – აცხადებენ „ბათუმის წყალში“, რომელიც არის ბათუმის მერიის შპს.

წელს, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ადლია-აეროპორტის დასახლებაში ამომრჩევლებისთვის სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების დაპირება აშკარა ტყუილი იქნება, იმიტომ რომ პრობლემის მოგვარებას, როგორც ჩანს საკმაო დრო დასჭირდება. კონკრეტულ დროს კი მერიაში ვერ ასახელებენ.

„ქალაქს შემოერთებული ტერიტორიის ნაწილში, ქალაქის ცენტრის მხრიდან, მდინარე მეჯინისწყლამდე, მაქსიმუმ 2 თვეში დასრულდება წყლის ცენტრალური სისტემის მოწყობა და პარალელურად „ბათუმის წყალი“ დაიწყებს სახლების ქსელზე დაერთებას. რაც შეეხება მდინარე მეჯინისწყლიდან აეროპორტის მიმართულებით არსებულ ტერიტორიას [დაბა ხელვაჩაური, კახაბერი, მიმდებარე ტერიტორიები ადლია-აეროპორტის დასახლებაში] ამ ეტაპზე წარმოდგენილია კვლევა, რომლის საფუძველზეც უნდა გამოიყოს თანხა და მომზადდეს პროექტი. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მიმდინარე რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზაში მხოლოდ კვლევა იყო გათვალისწინებული. ამ კვლევის საფუძველზე იქნება შესაძლებელი ქსელის მოსაწყობად თანხების მობილიზება,“ – ამბობს ჯაბა ტუღუში, ბათუმის მერის მრჩეველი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებში.

ბათუმის სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას მერია ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსების ფარგლებში ახორციელებს. ჯაბა ტუღუშის თქმით, ზემოაღნიშნული კვლევა უკვე გაგზავნილია ბანკში შესთანხმებლად. რაც შეეხება დაფინანსებას, ჯერ საკითხი არ არის გადაწყვეტილი – პროექტირებას და შემდეგ სამუშაოებს გერმანული ბანკი დააფინანსებს, ბათუმის მერია თუ საქართველოს მთავრობა.

„ერთ თვეში ჩამოდის ბანკის წარმომადგენლები ბათუმში მიმდინარე პროექტების ზედამხედველობის მიზნით, თუმცა ადლია-აეროპორტის დასახლების საკითხებიც განიხილება ალბათ.  ამაზეც იქნება საუბარი“ – ამბობს ჯაბა ტუღუში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კვლევის თანახმად, ადლია-აეროპორტის დასახლებაში კანალიზაციისა და სასმელი წყლის სისტემის მოწყობას, უხეში გათვლებით, დაახლოებით 50 მილიონი ევრო დასჭირდება. აქ დღეს 20 ათასამდე პოტენციური აბონენტია [ოჯახები და კომერციული ობიექტები].

ადლია-აეროპორტის დასახლებაში ეკონომიკურ-ტექნიკური კვლევის დაწყებაზე მერიაში 2 წლის წინ განაცხადეს.  წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი ბათუმში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან მიღებული შეღავათიანი სესხით 2007 წლიდან ხორციელდება [სესხის მოცულობა დაახლოებით 80 მილიონი ევროა].

გადაბეჭდვის წესი


ასევე: