ავტობანი – მიწის საკომპენსაციოდ შეცდომით გადარიცხული 258 ათასი ლარის საქმე

სოფელ ციხისძირში მცხოვრები 6 ოჯახი საავტომობილო გზების დეპარტამენტს და აჭარის მთავრობას სასამართლოში უჩივის. მათ მიწებზე ქობულეთის შემოვლითი გზის გაყვანა უკვე დასრულებულია, თუმცა კომპენსაცია, რაც მიწების დათმობის სანაცვლოდ იყო გათვალისწინებული, სხვა პირმა მიიღო და მიიმალა.

ვიდრე მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე ამ ადმინისტრაციული დავის განხილვას შეუდგება, რამდენიმე დღეში ამავე საქმეზე განაჩენს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი გამოიტანს. ამ შემთხვევაში პროკურატურისგან დაზარალებულად ცნობილი საავტომობილო გზების დეპარტამენტია, პირი კი, ვისაც დეპარტამენტმა 258 858 ლარი შეცდომით ჩაურიცხა, იძებნება. ბადრი ბასილაძეს და კიდევ ორ პირს პროკურატურა თანხის უკანონო მითვისებას, ხოლო ერთ-ერთი სოფლის გამგებელს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

შემოვლითი გზის დაწყების მაუწყებელი ნიშნები ციხისძირელების ბაღებსა და ყანებში 2013 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა. მაშინ სოფელში გაიგეს ისიც, რომ აზიის განვითარების ბანკი, ვინც სამუშაოებს აფინანსებდა, კომპენსაციას მისცემდა მათაც, ვინც მიწის მესაკუთრედ რეგისტრირებული არ იყო, მაგრამ წლების განმავლობაში მიწის ნაკვეთებით სარგებლობდა.

„ათეულობით წელია ჩვენ ვსარგებლობდით ამ მიწებით, საქონელი გვყავდა… როცა გავიგეთ, მიწის ფართობზე კომპენსაციას იხდიანო, ჯერ სოფლის რწმუნებული ვნახეთ, ცნობა მოგვცა უპრობლემოდ, რომ მიწის ფართობებს ნამდვილად ვამუშავებდით. მერე ქობულეთის გამგეობაშიც ჩავედით… აღმოჩნდა, რომ ამ მიწებზე კომპენსაცია სხვა სოფელში მცხოვრებითვის უკვე მიუციათ“, – გვიყვება მერაბ ჯაბნიძე, რომელიც ციხისძირში ცხოვრობს და ერთ-ერთი მოსარჩელეა აჭარის მთავრობის და გზების დეპარტამენტის წინააღმდეგ.

შემოვლითი გზის სამუშაოების განმახორციელებელი ორგანო საავტომობილო გზების დეპარტამენტია, აჭარის მთავრობა კი, საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულების მიხედვით, ვალდებული იყო, დაზუსტებული ინფორმაცია მიეწოდებინა დეპარტამენტისთვის. სოფელ ციხისძირში მდებარე 17 195 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე კომპენსაცია გზების დეპარტამენტმა სოფელ ბობოყვათში მცხოვრებ ბადრი ბასილაძეს ჩაურიცხა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს:

„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ფიზიკურ პირს, ბადრი ბასილაძეს შორის 2013 წლის 7 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების თანმხლებ დოკუმენტს წარმოადგენს 2013 წლის 6 ივლისით დათარიღებული „ქობულეთის შემოვლითი გზის, კმ 12 – კმ 31 მონაკვეთის მშენებლობაზე პროექტის ზემოქმედების ფარგლებში მოქცეული მიწის ნაკვეთის“ დემარკაციის აქტი და ნაკვეთის ანკეტა. ორივე დოკუმენტში ზემოხსენებული 17 195 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობად აღნიშნულია სოფელი ბობოყვათი, ხოლო მოსარგებლედ ბადრი ბასილაძე. ორივე დოკუმენტი ხელმოწერილია სოფელ ბობოყვათის რწმუნებულის იაშა მახარაძის მიერ.“

რას ნიშნავს „დემარკაციის აქტი“, რომელსაც ბობოყვათის სოფლის რწმუნებულთან და ქობულეთის გამგეობის წარმომადგენლეთან ერთად, ზურაბ სიხარულიძეც აწერს ხელს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის საავტომობილო გზების დირექციის დირექტორი.

„არაფერი არაა ეს დემარკაციის აქტი,“- ირწმუნება ზურაბ სიხარულიძე „ბათუმელებთან“ საუბრის დროს. მისი თქმით, ეს აქტი მას შემდეგ შედგა, როცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მონაცემები მოიკვლია: „მე დავეყრდენი გამგეობის წარმომადგენლების ნათქვამს, ასევე კომპანია BT-ს, ვინც ეს სამუშაოები ჩაატარა… საერთოდ გაუგებარია, რატომ სთხოვთ პასუხს გზების დეპარტამენტს, დეპარტამენტი არაფერ შუაშია. რატომ არ ამოიღო ამ ხალხმა ხმა, როცა გზა გაიყვანეს, კომპენსაცია გაიცა და რამდენიმე თვის შემდეგ მოუნდათ კომპენსაციის მიღება? მე ვფიქრობ, ეს ორი მხარე შეთანხმებით მოქმედებდა და ახლა ამ ოჯახებს უნდათ, კიდევ ერთხელ გასცეს კომპენსაცია გზების დეპარტამენტმა“.

„ჩვენ არ ვიცოდით, თუ სხვა აცხადებდა პრეტენზიას. გზის გაყვანა 2014 წელს დაიწყო…“ – ამბობს მერაბ ჯაბნიძე.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მხოლოდ აზომვითი ნახაზები მოამზადა. მოგვიანებით, იმავე წლის ნოემბერში, იმავე მიწის ნაკვეთზე „ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა შორის წამოჭრილ სადავო საკითხთა შემსწავლელმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა“ დაადგინა, რომ ციხისძირში მდებარე მიწის ნაკვეთებით ბადრი ბასილაძის ნაცვლად ის 6 ოჯახი სარგებლობდა, ვინც ახლა სასამართლოში დავობს.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, 2014 წლის 3 თებერვალს, მიმართა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა წერილით მთავარ პროკურატურას და საქმის გამოძიება სთხოვა: „დასტურდება, რომ ეს 17 195 კვადრატული მეტრი მიწა, რომელზეც კომპენსაცია გაცემულია სოფელ ბობოყვათში მცხოვრებ ბადრი ბასილაძეზე, წარმოადგენს ციხისძირის თემის ტერიტორიას და ეს მიწის ნაკვეთი დროებით სარგებლობაში ჰქონდათ სოფელ ციხისძირში მცხოვრებ ოჯახებს…“ – ნათქვამია წერილში, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი აწერს ხელს. ამ უწყებას ექვემდებარება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

პროკურატურამ დაზარალებულად გზების დეპარტამენტი მიიჩნია და სისხხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 4 პირი მისცა, მათ შორის, ბობოყვათის რწმუნებული იაშა მახარაძე.

„მე როცა გავეცი ეს მოწმობა, მაშინ 50-მდე მეზობელი ადასტურებდა იმას, რომ ბადრი ბასილაძე იყო ამ მიწის მესაკუთრე. მისი წინაპრების იყოს ეს მიწა,“- უთხრა იაშა მახარაძემ „ბათუმელებს“. კითხვაზე, რატომ გასცა ცნობა ბობოყვათის რწმუნებულმა ციხისძირის მიწაზე, გვპასუხობს: „ზუსტი საზღვარი არსად დადგენილი არ არის. მიმდინარეობს სასამართლო და ის დაადგენს სიმართლეს. ვერ გეტყვით, მერე რატომ თქვა სხვანაირად ქობულეთის კომისიამ, რომ თითქოს ეს მიწა 6 ოჯახს ეკუთვნოდა.“

ბობოყვათის რწმუნებულის პოზიცია საკუთარი განცხადების საფუძველზე იაშა მახარაძემ 2013 წლის ოქტომბერში დატოვა. ამ დროისთვის კომპენსაცია უკვე აღებული ჰქონდა ბადრი ბასილაძეს. ის რუსეთის მოქალაქეა. გამოძიების დაწყების დროისთვის ბასილაძე საქართველოში უკვე აღარ იმყოფებოდა.

სასამართლო დავა სისხლის სამართლის საქმეზე თითქმის ორი წელია გრძელდება. როგორც ციხისძირელები ყვებიან, მიზეზი პროკურატურაა, რომელიც ხშირად პროცესზე არ ცხადდება და ეს სხდომების გადადების მიზეზი ხდება. გასული წლის ბოლოს ციხისძირში მცხოვრებმა ექვსმა ოჯახმა კიდევ ერთხელ მიმართა საავტომობილო გზების დეპარტამენტს და კომპენსაცის ჩარიცხვა მოსთხოვა. მიღებულ პასუხში ვკითხულობთ: „როგორც დეპარტამენტისთვის არის ცნობილი, ამ პერიოდისთვის სისხლის სამართლის საქმეზე წარმოება დასრულებული არ არის, შესაბამისად, დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს განცხადებაში დასმულ საკითხზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი