ამაგი – შუამავალი სოფლის მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვისცენტრმა ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ამაგის [აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანება]  შესაქმნელად 73 980 ლარი დახარჯა.

კითხვაზე, რა არის ამაგი და რისთვის დასჭირდა სამინისტროს სოფლებში ასეთი გაერთიანების ჩამოყალიბება? – აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე პასუხობს:

ამაგი ჩვენი ახალი ინიციატივაა, რომელიც წარმოადგენს სოფელში მცხოვრებ აქტიურ მოქალაქეთა ჯგუფს, რომლებსაც ენდობა მოსახლეობა და მათ ხელისუფლების წინაშე უნდა მოიტანონ ის საჭიროებები, რაც მოსახლეობის წინაშე დგას, ეს არის ეფექტური საშუალება ხელისუფლებამ, ყოველგვარი ბარიერების გარეშე, იქონიოს კომუნიკაცია მოსახლეობასთან და პირველწყაროდან მიიღოს საჭიროების ჩამონათვალი“.

სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა სამინისტროს ახალი ინიციატივის შესახებ ინფორმაციას ფაქტობრივად არ ფლობს. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში მცხოვრები ასლან ბერიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას არაფერში სჭირდება შუამავალი გაერთიანებები, თუ მოსახლეობის დახმარება და პრობლემის გადაჭრა სურს. მისი თქმით, ამისთვის საჯარო მოხელეები მოსახლეობასთან ადგილზე სოფლებში უნდა მიდიოდნენ.

„ისედაც იციან გლეხს რა უჭირს, სოფელში გზა რომ არ არის, კარტოფილი რომ აღარ მოდის და შხამ-ქიმიკატები უვარგისია ყველამ იცის,  ამას ამაგი რად უნდა?  „ამაგის“ ჩამოყალიბებას რა აზრი ექნება, თუ რაიმეს არ გააკეთებენ მოსახლეობისთვის,“ – ამბობს ასლან ბერიძე.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში მცხოვრები ილია ართმელაძე კი ფიქრობს, რომ სოფლებში ჩამოყალიბებული ამაგები მოსახლეობას მეტ შესაძლებლობას მისცემს, პრობლემები ახლოდან დაანახოს ხელისუფლებას: „მართალია, ამის შესახებ არაფერი მსმენია, მაგრამ თუ ასეთი გაერთიანებები იქნება სოფლებში, ვფიქრობ კარგია, მოსახლეობაც ჩაერთვება და ხელისუფლებაც უფრო გააქტიურდება“.

ხულოს გამგებლის რწმუნებული რიყეთის თემში გოჩა შანთაძე ამბობს, რომ „ამაგის არსებობა საჭიროა, მაგალითად, იმისთვის, რომ პროექტებს დაწერს მოსახლეობა, რიყეთის ამაგში 25 მოქალქეა გაწევრიანებული“.

მინისტრ ლაშა კომახიძის განცხადებით, ამაგის მიერ სოფლებში დასახელებულ საჭიროებებს სამინისტრო 2018 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას ასახავს და მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებს: „საინტერესო საკითხები მოდის „ამაგის“ წევრებიდან,  ქობულეთში ბევრმა საადრეო ნერგები მოითხოვა, ციტრუსთა სამუშაო ყუთები, შემასხურებელი აპარატი; ხელვაჩაურში განსაკუთრებით სათბურზე იყო მოთხოვნა. საჭიროებები მუნიციპალიტეტებისა და სოფლების მიხედვით სპეციფიკურია. საჭიროებათა რაოდენობა ძალიან ვრცელია, ამაგის მიერ დასახელებულ საჭიროებებზე შემუშავდება პროგრამები და ჩაიდება 2018 წლის ბიუჯეტში განსახორციელებლად“.

ამაგის  ჩამოსაყალიბებლად ტენდერი ა(ა)იპ აგროსერვისცენტრმა 74 000 ლარზე 2016 წლის 20 სექტემბერს გამოაცხადა. სატენდერო პირობებით ამ თანხით მიმწოდებელს 45 ამაგი ხუთ მუნიციპალიტეტში უნდა ჩამოეყალიბებინა, რითაც ხუთი მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი უნდა მოეცვა [რიყეთის, დანისპარაულის, შუასოფელის, დიდი რიყეთისა და ბოძაურის გარდა, რადგანაც ამ სოფლებში აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანება „რიყეთის ამაგი“ გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტმა“ დააფუძნა].

ტენდერში ააიპ „განვითარების აკადემიამ“ გაიმარჯვა და ხელშეკრულება 73 980 ლარზე გასული წლის ოქტომბერში გაფორმდა.

„განვითარების აკადემიის“ პროექტების მენეჯერი ტიტე აროშიძე: „ამაგის წევრების შესარჩევად პირველ ეტაპზე კითხვარები მომზადდა, გადავამზადეთ მობილიზატორები, კოორდინატორები, სულ 80-მდე მობილიზატორი გვყავდა, სოფლის მოსახლეობის 60%-ზე მეტი წინასწარ მომზადებული კითხვარით გამოიკითხა, ამაგის ჩამოყალიბება ობიექტურად მოხდა,  კანდიდატები არ იყო წინასწარ განსაზღვრული, მოსახლეობა იმას ასახელებდა, ვინც მისთვის მისაღები იყო, გამოკითხვის შემდეგ მოხდა ხმების გადათვლა, ამაგის ჩამოყალიბება პირველ მარტს დასრულდა“.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში შეიქმნა: 6  ამაგი ქედაში, 13 – ქობულეთში, 4 – შუახევში, 15 – ხელვაჩაურსა და 7 – ხულოს მუნიციპალიტეტში.  45 ამაგში 677 მოქალაქეა გაერთიანებული, 432 კაცი და 245 ქალი. ერთ ამაგში 15-20 მოქალაქე ერთიანდება. მოქალქეთა ოდენობა ამაგში  სოფელში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობაზეა დამოკიდებული, ერთი ამაგი რამდენიმე სოფელსა და თემს მოიცავს.

ქედის მუნიციპალიტეტში დაფუძნებული ამაგი „აკავრეთას“ ს წევრი ნიაზ შერვაშიძე: „ამაგის წევრები სოფლის მოსახლეობამ აგვირჩია, ჩვენ კი მათი პრობლემები და საჭიროებები სამინისტროს უნდა მივაწოდოთ. ქედელი ფერმერების მთავარი პრობლემა  შხამ-ქიმიკატები და ყურძნის სუბსიდირების საკითხია, ცოლიკაური და ჩხავერი ქედის მოსახლეობის მთავარი შემოსავალი წყაროა, მისი საბაზრო ფასი კი მოყვანის თვითღირებულებას ვეღარ ფარავს. მოსახლეობა ითხოვს ყურძნის სუბსიდირებას, ასევე დიდ პრობლემას ქმნის ადგილზე სანერგე მეურნეობების არარსებობა, თხილის გასაშენებლად ქედელი კაცი ზუგდიდსა და გურიაში უნდა ჩავიდეს ნერგისთვის“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი