მთავარი,სიახლეები

პოლიციის საიდუმლო თანამშრომლის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები

18.04.2017 • 2413
პოლიციის საიდუმლო თანამშრომლის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები

პოლიციის საიდუმლო თანამშრომელმა, რომელიც იაგო ც.-ს საქმეში გაიშიფრა, სასამართლოს ჩვენება ხელახლა მისცა. იაგო ც.-ს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას ედავება. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, იარაღზე ბრალდებულის ნაცვლად, ე.წ. კონფიდენტის – აკაკი ასანიძის თითის ანაბეჭდი ამოვიდა. იაგო ც.-ს ისტორიაზე „ბათუმელები“ გასული წლის მაისში წერდა.

იაგო ც.-ს მანქანაში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი 2015 წლის 20 მარტს აღმოაჩინა. იაგო ც.-მ საქმეზე აკაკი ასანიძის დაკითხვა მოითხოვა, რომელიც დაკავებამდე მის მანქანაში იჯდა. მოწმის სახით დაკითხულმა ასანიძემ გამოძიებას უთხრა, რომ მას იარაღის საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს და მხოლოდ იაგო ც.-ს ტაქსის მომსახურებით ისარგებლა.

მოგვიანებით სამხარაულის ექსპერტიზიამ იარაღზე იაგოს თითის ანაბეჭდის არსებობა გამორიცხა და დაწერა დასკვნა, რომ იარაღის შეფუთვაზე აკაკი ასანიძის თითის ანაბეჭდია. ექსპერტიზის მუშაობა ამ მიმართულებით დაცვის მხარემ მოითხოვა. მაშინ სასამართლოს დახურულ სხდომაზე აკაკი ასანიძემ თქვა, რომ მას ტაქსის მძღოლმა მანქანის სავარძლის ქვემოთ შენახული იარაღი აჩვენა და მას შემთხვევით შეეხო, შემდეგ კი, როგორც პოლიციის საიდუმლო თანამშრომელმა, სატელეფონო ზარით აცნობა პოლიციელებს ამის შესახებ.

იარაღის უკანონო ტარების საქმეზე თავდაპირველად პროცესი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა დაიწყო, რომელიც 2015 წლის ბოლოს ხელვაჩაურის სასამართლოში გადაიყვანეს. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, იაგო ც.ს საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს.

„მოსამართლემ ხელახლა დაკითხა მოწმეები, მათ შორის, აკაკი ასანიძე. ამჯერად მან მოსამართლეს უთხრა, რომ საერთოდ არ შეხებია იარაღს. არ ვიცი, საიდან უნდა იყოს ჩემი თითის ანაბეჭდი იარაღზეო, ასე თქვა. ის ისევ არ უარყოფს იმას, რომ პოლიციის კონფიდენტია,“ – ამბობს ადვოკატი პაატა ბოლქვაძე.

მოსამართლე ირაკლი შავაძეს მხოლოდ ექსპერტის პოზიცია დარჩა გასაცნობი, რის შემდეგაც ბრალდებულის საბოლოო სიტყვას მოისმენს. იაგო ც. წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. ის გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: