მთავარი,სიახლეები

რამდენი მძღოლი დაჯარიმდა აჭარაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში

18.04.2017 • 3096
რამდენი მძღოლი დაჯარიმდა აჭარაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში

„აჭარის რეგიონში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით შედგენილია 71 374 საჯარიმო ქვითარი“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მივიღეთ. ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულ მძღოლებზე „ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაცია 11-12 მარტის მოვლენების შემდეგ გამოითხოვა.

შს სამინისტრომ ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია, ქალაქების მიხედვით ცალ-ცალკე, ასევე მონაცემი, რა ოდენობის თანხა შევიდა ბიუჯეტში ჯარიმების გადახდის შედეგად.

„საჯარიმო ქვითრებით გადახდილი თანხები აისახება სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე და მათი შემდგომი გადანაწილება ხდება საგადასახადო კოდექსის დანართის მიხედვით. შესაბამისად, აჭარის რეგიონში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს არ გააჩნია,“ – ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ წერილში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ინფორმაციის მოსაწოდებლად ადმინისტრაციული საჩივრით მიმართვა დასჭირდა. „ბათუმელებმა“ უწყებას საჯარო ინფორმაციის გაცემის თხოვნით 13 მარტს მიმართა. საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ვადა კი 10 დღეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით „ბათუმელებმა“ 27 მარტს მიმართა.

ჯარიმების თემა 11 მარტს აქციის შემდეგ გააქტიურდა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ჯერ დაჯარიმებულმა, ხოლო შემდეგ დაკავებულმა რამაზ ხიმშიაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში თქვა, რომ იგი ბოლო ორი თვის განმავლობაში დაახლოებით 2 ათასი ლარით უსამართლოდ დააჯარიმეს. პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების მოსმენის შემდეგ, მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ რამაზ ხიმშიაშვილი გაამართლა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: