რაულ თავართქილაძე

ვინ იქნებიან „ევროპული საქართველოს“ სახეები ბათუმში

„ევროპული საქართველოს“ წევრები  „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები იქნებიან. ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, რაულ თავართქილაძის თქმით, „ევროპული საქართველოს“ სახეებს ბათუმში წარმოადგენენ: პეტრე ზამბახიძე, ნუგზარ მგელაძე, რომელიც ბოლოს ლევან ვარშალომიძის მრჩევლად მუშაობდა აჭარის მთავრობაში, ავთო ბარამიძე და მირზა თურმანიძე. თავართქილაძის თქმით, იქნებიან სხვა ახალი სახეებიც.

„გარდა ამ პირებისა, ექიმების სერიოზული ჯგუფი გვყავს და სტუდენტების ჯგუფი საზღვაო აკადემიიდან და უნივერსიტეტიდან. ხულოს საკრებულოდან „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ოთხი წევრი უკვე ჩვენი პარტიის წევრები არიან, შუახევში გვყავს მირზა თურმანიძე და გარკვეული ჯგუფი არის ჩამოყალიბებული. მირზა თურმანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შემდეგ პაატა ბურჭულაძის პარტიაში იყო, ეს პარტია როცა დაიშალა, ჩვენთან წამოვიდა.

მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა პირებთანაც და ოფისის გახსნის დღეს იქნებიან წარმოდგენილნი“, – ამბობს რაულ თავართქილაძე. მისი თქმით, ამ დროისთვის „ევროპულ საქართველოს“ აჭარაში 500-მდე მხარდამჭერი ჰყავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ პეტრე ზამბახიძე ოფიციალურ განცხადებას 20 აპრილს, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გააკეთებს.

„როცა გაიყო პარტია, ბუნებრივია, მოლოდინი იყო ძალიან დიდი, ყველას აინტერესებდა ჩემი პოზიცია. აქედან გამომდინარე მე რამდენიმე თვე დამჭირდა იმისთვის, რომ გამეთვალისწინებინა ბევრი ადამიანის პოზიცია და ხედვა, რა იქნებოდა ყველაზე სწორი არჩევანი და, რა თქმა უნდა, ჩემი ჩამოყალიბებისთვის ამანაც დიდი გავლენა იქონია.

უახლოეს დღეებში გავაკეთებ ოფიციალურ განცხადებას, მანამდე კი მინდა ვუთხრა დაინტერესებულ საზოგადოებას, რომ ვრჩები იმ ღირებულებების ერთგული, რომლითაც მოვედი პოლიტიკაში და ჩემ თავს ვხედავ იმ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, რომელიც დღეს არის აქტიურ პოლიტიკურ ასპარეზზე საქართველოში და რომელიც შეძლებს ქვეყნის განვითარებას  და ამ გუნდში ვგულისხმობ „ევროპულ საქართველოს“, – ამბობს პეტრე ზამბახიძე „ბათუმელებთან“.

რაულ თავართქილაძე ამბობს, რომ  პარტიული ოფისის ოფიციალური გახსნა აპრილის ბოლოს ან მაისის პირველ რიცხვებშია დაგეგმილი. პარტია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.

ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com