12805939_10209314257400127_3240106472469146769_n

პირუტყვის ვაქცინაცია – 800 ათასი დოზა თურქულის საწინააღმდეგოდ

სურსათის ეროვნულ სააგენტოს მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად მიმდინარე წელს 512 ათასი ლარი აქვს ბიუჯეტში გათვალისწინებული. შესაბამისი ტენდერი ვაქცინის [რაოდენობა 800 000 დოზა] შეძენაზე 11 აპრილს დასრულდა, თუმცა ტენდერში გამარჯვებულის საკითხი 21 აპრილამდე გაირკვევა. ვაქცინის მიწოდების ვადა კი ხელშეკრულების გაფორმების დროს დაზუსტდება.

სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია „დრუნჩა“ მონაწილეობდა, რომელმაც ვაქცინის მიწოდება შემსყიდველს 508 ათას 960 ლარად შესთავაზა. სატენდერო კომისიის ოქმის მიხედვით, „დრუნჩას“ მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაძი არის ხარვეზი. კონკრეტულად, დოკუმენტს – „ცნობა მწარმოებლისგან პრეპარატის წარმოშობის შესახებ [ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული]“ – არა აქვს მითითებული გაცემის თარიღი და არ აქვს მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი. კომპანიამ 20 აპრილამდე უნდა წარადგინოს სრულყოფილი დოკუმენტი – თარიღისა და სარეგისტრაციო ნომრის მითითებით.

სატენდერო პირობების მიხედვით, ვაქცინა განკუთვნილი უნდა იყოს მხოლოდ მცოხნავი ცხოველების საინექციოდ. დოზის ერთეულად აღებული უნდა იყოს მსხვილფეხა პირუტყვის საიმუნიზაციო დოზა; წვრილფეხა პირუტყვის საიმუნიზაციო დოზა კი არ უნდა აღემატებოდეს მსხვილფეხა პირუტყვის საიმუნიზაციო დოზის ნახევარს.

ვაქცინის ვარგისიანობის ვადა მიწოდების მომენტისთვის უნდა იყოს არანაკლებ 10 თვე; გახსნიდან ვაქცინის გამოყენების ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 8 საათს; ამასთან, ვაქცინას არ უნდა გააჩნდეს დაყოვნების პერიოდი რძესა და ხორცში.


2016 წელს, თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინა – 1 მილიონი დოზა, შპს „დრუჩასგან“ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  610 ათას ლარად შეიძინა. ხელშეკრულება შარშან, აგვისტოში დაიდო. ტენდერში გასულ წელსაც მხოლოდ „დრუნჩა“ მონაწილეობდა.

2015 წელს კი ვაქცინის შესაძენად 1,7 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი ტელ.: [0422] 27 45 12 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com