მთავარი,სიახლეები

რომელ პარტიებს აღარ ეყოლებათ წევრი საარჩევნო ადმინისტრაციებში

17.04.2017 • 3477
რომელ პარტიებს აღარ ეყოლებათ წევრი საარჩევნო ადმინისტრაციებში

ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციებში წევრი აღარ ეყოლებათ: „რესპუბლიკურ პარტიას“, „კონერვატორებს“ და „თავისუფალ დემოკრატებს“. ამ პოლიტიკურ ძალებს „პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო“ და „ქრისტიან-კონსერვატორები“ ჩაანაცვლებენ. ამ პარტიების წარმომადგენლებით უკვე დამტკიცდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი შემადგენლობა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. საოლქო და საუბნო კომისიები კი, არჩევნების გამოცხადების შემდეგ დაკომპლექტდება.

„პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო“ და „ქრისტიან-კონსერვატორები“ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე მოხვდნენ საარჩევნო ადმინისტრაციებში. „პატრიოტთა ალიანსმა“ ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახა, „ქრისტიან-კონსერვატორები“ გასულ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საარჩევნო ბლოკში იყო წარმოდგენილი, ხოლო „ევროპული საქართველო“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყო და ახალი პოლიტიკური ძალა შეიქმნა. ვინაიდან „ევროპულ საქართველოს“ ჰყავს დეპუტატები პარლამენტში, მათ კანონის მიხედვით წევრიც ეყოლებათ ნებისმიერი დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში.

თითო წევრი ჰყავდათ და ამჯერადაც ეყოლებათ შემდეგ პარტიებს: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ [ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გაერთიანება] და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“. ამ უკანასაკნელს საარჩევნო ბარიერი არ გადაულახავს, მაგრამ ერთი მაჟორიტარის გაყვანა მოახერხა პარლამენტში. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ გაერთიანებას, მან წინა თვითმმართველობის არჩევნებზე გადალახა საარჩევნო ბარიერი და აქვს კომისიებში თითო წევრის ყოლის უფლება.

საოლქო და საუბნო კომისიებში 7-7 წევრს ეს პოლიტიკური პარტიები დააკომპლექტებენ, დანარჩენ 6 წევრს ოლქში ცესკო ნიშნავს, ხოლო საუბნო კომისიებში – საოლქო საარჩევნო კომისია. ცესკოს და საოლქო კომისიების მიერ არჩეული 5 წევრი 5 წლის ვადით აირჩევა. კიდევ ერთი წევრი კი არჩევნების დანიშვნის შემდეგ ემატება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე. პოლიტიკური პარტიების მიერ შერჩეული წევრებსაც არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე შეუწყდებათ უფლებამოსილება.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის პარტიული კვოტების ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

  1. დავით გოცირიძე – „ქრისტიან-კონსერვატორები”
  2. დავით კირთაძე – „ერთიანია ნაციონალური მოძრაობა“
  3. ხათუნა სხირტლაძე – „პატრიოტთა ალიანსი“
  4. დავით გურგენიძე – „ევროპული საქართველო“
  5. ლევან მაისურაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
  6. მარინა წულუკიძე – „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“
  7. ირაკლი ჭყოიძე – „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: