მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია 160 ათასი ლარის ღირებულების ხე-მცენარეებს შეიძენს

15.04.2017 • 1541
ბათუმის მერია 160 ათასი ლარის ღირებულების ხე-მცენარეებს შეიძენს

ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური 160 000 ლარის ღირებულების ხე-მცენარეებს შეიძენს.

შესყიდვის ბიუჯეტი 200 000 ლარი იყო, თუმცა ტენდერში მონაწილე კომპანიამ , მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ვაჭრობისას კონკურენტი არ ჰყოლია, ფასი 160 000 ლარამდე დაწია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ჯერჯერობით ატვირთული არ არის, თუმცა ტენდერი შედგა და მასში მონაწილეობა შპს „გრინ გეორგიამ“ მიიღო. კომპანია 2016 წელსაა დარეგისტრირებული და მას ერთპიროვნულად ნიაზ დავითაძე ფლობს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით მერიის გამწვანების სამსახური 40 სახეობის ხე-მცენარეს შეიძენს.

ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ჭანუყვაძე მიიჩნევს, რომ ეს შესყიდვა სამსახურს მნიშვნელოვან სამუშაოს შესრულების საშუალებას მისცემს გამწვანების თვალსაზრისით.

რაც შეეხება იმას, რომ ბათუმში ხშირად ჭრიან მრავალწლიან ხეებს, მათ ადგილზე მშენებლობის წამოსაწყებად, ლევან ჭანუყვაძე ამბობს, რომ მერიას კერძო საკუთრებაში ჩარევის და ხის მოჭრის აკრძალვის კომპეტენცია არ აქვს, თუმცა მისი აზრით, მშენებლობის ნებართვების გაცემისას მოთხოვნა გამწვანებაზე აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.

გადაბეჭდვის წესი