მთავარი,სიახლეები

მთავრობა კურორტ გოდერძისთვის ინვესტორებს ეძებს

15.04.2017 • 3700
მთავრობა კურორტ გოდერძისთვის ინვესტორებს ეძებს

აჭარის მთავრობა სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის საინვესტიციო შესაძლებლობებზე პრეზენტაციების გამართვას გეგმავს, ინვესტორების მოზიდვის მიზნით. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კურორტის სარეკლამო რგოლის მომზადებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. შეყიდვის ღირებულება 47 000 ლარია.

ტენდერში გამარჯვებულმა წინასწარ შეთანხმებული სცენარის მიხედვით სამენოვანი [ქართული, ინგლისური და რუსული] სარეკლამო-სატელევიზიო გრაფიკული ვიდეორგოლი უნდა მოამზადოს. სამინისტროს ინფორმაციით, საპრეზენტაციო ვიდეორგოლების შექმნის მიზანი კურორტ გოდერძის საინვესტიციო პროექტების შესახებ პოტენციური ინვესტორებისათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და სრულფასოვანი წარმოჩენაა.

რა სიახლეებს გეგმავს მთავრობა კურორტზე მომავალი სეზონისთვის, ამ თემაზე „ბათუმელებს“ კურორტის ახალი დირეტორი ზურაბ ჭურკვეიძე ესაუბრა.

ბატონო ზურაბ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კურორტ გოდერძიზე რამდენიმე ახალი პროექტია დაგეგმილი, კონკრეტულად რა იგეგმება?

აქტიურ ფაზაში უნდა გადავიდეს კურორტ გოდერძის განვითარება, ამაზე უკვე დავიწყეთ მუშაობა. გვაქვს პერპექტიული გეგმები. დაგეგმილია შიდა გზის მოწყობა, პროექტის ნაწილი უკვე გვაქვს და ნაწილი უნდა ვიყიდოთ. შესაბამისად პირველ ეტაპზე განხორციელდება 1751 მეტრი გზის მშენებლობა, რომ ინვესტორებს საინვესტიცო ნაკვეთზე მისვლისა და პროექტების დაწყების შესაძლებლობა მიეცეთ. გარდა ამისა, იგეგმება 112 – ის ობიექტის მშენებლობა. პირველ ეტაპზე უნდა ვიყიდოთ პროექტი და შემდეგ შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით აღიჭურვება ყველა იმ სერვისით, რაც საჭიროა 112- სთვის.

მინისტრი საუბრობდა ეთნოგრაფიული მუზეუმის მოწყობაზეც…

დიახ, დაგეგმილია ეთნოგრაფიული მუზეუმის მოწყობა. ვფიქრობ, კარგი იქნება ძველი ხის შენობის გადმოტანა ისე, რომ დაცული იყოს ავთენტურობა, რაც ხულოშია. ამ შენობაში მოეწყოს ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც ამ კუთხესთან იქნება დაკავშირებული. ვგეგმავთ ასევე თავლის მოწყობას, სადაც შესაძლებელი იქნება ზამთარსა და ზაფხულში განათავსონ ადგილობრივი ცხენები და მოემსახურონ ტურისტებს, დაიგეგმოს საცხენოსნო ტურები.

ვაპირებთ ასევე შეჯიბრის ჩატარებას ველოსპორტში. დაგეგმილია სხვა აქტივობებიც, რაც ხელს შეუწყობს უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას, განსაკუთრებით ზაფხულზე ვაკეთებთ აქცენტს. კურორტი ოთხივე სეზონზე დასასვენებელ ადგილად უნდა იქცეს. შესაბამისად მნიშვნელოვანია, დღეს ჩაიყაროს საფუძველი იმისთვის, რომ მომავალ სეზონზე ტურისტმა დაგეგმოს ყველა ის აქტივობა და დაისვენოს კურორტ გოდერძიზე.

დაახლოებით როდის დაიწყება ამ ყველაფერზე მუშაობა?

პროექტებთან დაკავშირებით ფაქტობრივად დაწყებულია და მიმდინარეობს უკვე მუშაობა. თოვლის გაშრობის შემდეგ უკვე შესაძლებელია ტენდერების გამოცხადება. გვაქვს საკუთარი ბიუჯეტი, ხოლო თუ რომელიმე პროექტს დასჭირდება აჭარის ბიუჯეტიდან მხარდაჭერა. შესაბამისად დასმული იქნება საკითხი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წინაშე, რათა განხორციელდეს დამატებითი თანხის მოზიდვა.
კურორტის განვითარების არეალი – 633.45 ჰა-ს მოიცავს. განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით კურორტმა ერთდროულად 7 000 დამსვენებლის მიღება უნდა შეძლოს.
ახალი რეგულირების გეგმით კურორტის არსებულ 2 საბაგირო გზას კიდევ ოთხი დაემატება, მოეწყობა, ასევე ახალი სათხილამურო ტრასები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: