14 აპრილს ბათუმში, #4 საჯარო სკოლის მიმდებარედ საცხოვრებელი სახლის ონკანებში მღვრიე წყალი წამოვიდა. „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ წყლის ამღვრევა ტექნიკურმა დაზიანებამ გამოიწვია.
„26 მაისისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში დაზიანდა მილი, რამაც წყლის ამღვრევა გამოიწვია. ამის შესახებ კომპანიაში ინფორმაცია 12-ის ნახევარზე შემოვიდა, ტექნიკური ჯგუფი გავიდა ადგილზე და დაზიანებული მილიდან წყლის მიწოდება შეუწყდა მოსახლეობას. ამ დროისათვის წყალი არ მიეწოდება 26 მაისის ქუჩას, კომახიძის და გიორგი ბრწყინვალის ქუჩის მონაკვეთში. ტექნიკური დაზიანების აღმოფხვრას ვცდილობთ და უახლოეს საათებში, დაახლოებით 17 საათამდე, დაზიანების სირთულის შესაბამისად პრობლემა აღმოიფხვრება,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ შპს „ბათუმის წყალში“.
კომპანიაში განაცხადეს, რომ დაზიანება მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა, მაგრამ მოსახლეობას ბოდიშს უხდიან შექმნილი სიტუაციის გამო.