sasam. 1

სამხარაულის ბიუროს ყოფილი ექსპერტი სასამართლოებიდან დოკუმენტების გაქრობაზე საუბრობს

ნატალია თევზაძე სასამართლო საქმიდან დოკუმენტების გაქრობასა და გაყალბებაზე საუბრობს. ის სამხარაულის ექპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტ-ნარკოლოგის პოზიციაზე მუშაობდა და სასამართლოში სამსახურში აღდგენას ითხოვდა. დოკუმენტების სავარაუდო გაქრობით პროკურატურა დღემდე არ დაინტერესდა. ნატალია თევზაძე ამჯერად პარლამენტს მოუწოდებს სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ. წერილი რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარეს მან უკვე მიწერა.

„საქმიდან დოკუმენტები გაქრა ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ კი, უზენაეს სასამართლოში აუდიო ჩანაწერი გააყალბეს. ამის მტკიცებულება საქმეში არსებული სამი აუდიო კომპაქტდისკია, სადაც სასამართლო პროცესის მიმდინარეობაა ჩაწერილი. ერთ-ერთი დისკი საერთოდ უნომროა. დისკზე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს მექანიკური დამუშავების კვალი. გარდა ამისა, არც ერთი დისკის ნომერი არ ემთხვევა სხდომის ოქმში მითითებულ ნომერს,“ – ამბობს ნატალია თევზაძე.

ნარკოლოგად 1987 წლიდან მუშაობდა, ხოლო სამხარაულის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტ-ნარკოლოგის თანამდებობაზე – 2005 წლიდან, როცა ეს სამსახური რეგიონში შეიქმნა. 2007 წელს ნატალია თევზაძე გაათავისუფლეს სამსახურიდან.

„ამის შესაძლებლობას იძლეოდა მაშინ მოქმედი კანონი. გათავისუფლებამდე სამსახურში ერთ-ერთი, დანომრილი ცარიელი ბლანკი გაქრა. ხელმძღვანელს, რამაზ სურმანიძეს მაშინვე მივმართე და მოვთხოვე რეაგირება, რადგან ამ ბლანკს პირის ალკოჰოლური თრობის შემოწმების დროს ვავსებდით, ხოლო მისი გამოყენება რომელიმე უწყებაში უკვე დაფიქსირებული იქნებოდა. ეს შემთხვევა 2007 წლის 4 მაისს მოხდა, 14 მაისს მე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მივმართე, რადგან ხელმძღვანჯელობა ადეკვატურად არ რეაგირებდა. ამის გამო მისაყვედურეს. 31 მაისს ჩემი გათავისუფლების შესახებ ბრძანება დაიწერა“, – გვიყვება ნატალია თევზაძე.

ნარკოლოგის გათავისუფლების შემდეგ,  გამოძიება დაიწყო ბლანკის გაქრობასთან დაკავშირებით – 2007 წლის 16 ივნისს. ამ საქმეში ფიგურანტი პირი ნატალია თევზაძე იყო, თუმცა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, ძიება იმავე წლის სექტემბერში შეწყდა. ნატალიამ გამოძიების ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა სასამართლო ინსტანციებში, ხოლო საქმის წაგების შემდეგ – იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ეჭვობს, რომ ცარიელი ბლანკის გაქრობა ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ავტოავარიის საქმეს უკავშირდებოდა და გამოძიებას უნდა დაედგინა, სად გაქრა დანომრილი ფურცელი ექსპერტიზის სამსახურის სამუშაო ოთახიდან. ნატალია დარწმუნებულია, რომ მისი სამსახურის გაშვებაც ამ ამბავს უკავშირდება.

გამოძიების შეწყვეტის შემდეგ მიმართა ნატალია თევზაძემ სასამართლოს – სამსახურში აღდგენის მოთხოვნით. ყველა ინსტანციაში პროცესის წაგების შემდეგ კი, საქმის მასალები გამოითხოვა სასამართლოებიდან.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის ჩაბარებული დანართის 14 ფურცლიდან მხოლოდ 5 იყო დარჩენილი, ხოლო უზენაეს სასამართლოს აუდიო ჩანაწერში აღარ ისმის მოსამართლე მიხეილ გოგიშვილის ხმა, რომელიც მიმართავს ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენელს, იქნებ მოურიგდეთ თევზაძეს, ხომ ხედავთ, საქმეში ყველაფერი წესრიგში არ არისო. ამ მორიგების მცდელობის გამო ორჯერ გადაიდო სასამართლო პროცესი, მაგრამ აუდიო ჩანაწერში მორიგების შესახებ ვერაფერს მოისმენთ,“ – ასრულებს მოყოლას სამხარაულის ბიუროს ყოფილი ნარკოლოგი.

სასამართლოებში დოკუმენტების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება პროკურატურამ 2012 წლის ნოემბერში დაიწყო, მაგრამ იგი 2013 წლის ივლისში შეწყდა – დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში პროკურორ-სტაჟიორი, ირაკლი კაჭკაჭიშვილი წერს, რომ „გამოძიებით არ დადასტურდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თანამშრომელთა მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის – დოკუმენტის განადგურების ფაქტი.“

ამავე დადგენილებაში წერია, რომ საჩივრის დანართი, რაც ნატალია თევზაძემ სააპელაციო სასამართლოს ჩააბარა – „შინაარსობრივად არასრულია და აკლია დოკუმენტების ცალკეული ფურცლები“. ოქმის შემდგენი პროკურორის განმარტებით, გამოძიებამ დანართის მასალები გამოითხოვა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგანაც და მიღებული დოკუემენტები დაემთხვა იმას, რაც ნატალიამ თავის დროზე ჩააბარა სააპელაციო სასამართლოს.

„საქმე იმაშია, რომ სასამართლომ გააქრო ეს დოკუმენტები. მე არ ვდავობდი იმაზე, რომ ჩაბარების დროს დაიკარგა რამე. გარდა ამისა, პროკურორის დადგენილებაში არაფერი წერია უზენაეს სასამართლოში გაყალბებული აუდიო ჩანაწერის შესახებ,“ – დასძენს ნატალია თევზაძე.

პროკურატურის დადგენილებაში მართლაც არაფერი წერია აუდიო ფაილების გაყალბების შესახებ, რომლის თაობაზე ნატალია თევზაძემ გამოძიებას წერილობით აცნობა. სამაგიეროდ დადგენილებაში ხაზგასმულია ახლადაღმოჩენილ დარღვევაზე – ნატალია თევზაძის და მისი უფლებათადამცველის წინააღმდეგ. ამ პროცესში გამოძიებას დაუფიქსირებია, რომ სააპელაციო სასამართალოში დოკუმენტები იურისტმა თამარ რევაზიშვილმა ჩააბარა ნატალია თევზაძის სახელით, მაგრამ იურისტს ამ დროისთვის შესაბამისი მინდობილობა არ ჰქონდა.

„დავადგინე: 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ კანონით ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან,“ – ამ სიტყვებით ასრულებს პროკურორ-სტაჟიორი ირაკლი კაჭკაჭიშვილი დადგენილებას გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

რატომ არ იმუშავა გამოძიებამ აუდიო ფაილების გაყალბების კუთხით – ეს და სხვა კითხვები პროკურატურისთვის უნდა დაგვესვა, მაგრამ ტრადიციულად „ბათუმელების“ სატელეფონო შეტყობინებას ამ უწყებაში არც ამჯერად უპასუხეს.

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი