მთა თეთრობზე ახალი ელექტროგადამცემი ხაზი აშენდება

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა მთა თეთრობზე, სადაც  ფაჩხის, წაბლანის, წაბლიანის, რაქვთის, თხილვანისა და ფურტიოს სოფლების მოსახლეობა (სულ 400-მდე ოჯახი) მემთეურობას ეწევა, ახალ ელექტროგადამცემ ხაზს ააშენებს.

ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 154 504 ლარი გამოყო.

ხულოს გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ზაზა აბულაძის თქმით, ელექტროგადამცემი ხაზი თეთრობზე გოდერძის უღელტეხილიდან გავა და ექსპლუატაციაში 2018 წელს შევა, წელს მოიალაღეებს კი შუქს ისევ ძველი ხაზგაყვანილობით მიაწვდიან.

„მთა თეთრობზე ელექტროგადამცემი ხაზი ხიხაძირის ხეობიდან არის გაყვანილი, ეს ხაზი დიდ მანძილზეა და ზამთარში ხშირად ზიანდება, სულ 7 კილომეტრია, გამგეობას მისი შენახვა ძვირი უჯდება, რის გამოც ახალი ხაზის მშენებლობა დაიგეგმა. ახალი ხაზი გოდერძის უღელტეხილიდან გავა და სამი კილომეტრი იქნება, გარდა ახალი ხაზის მშენებლობისა, ბეშუმის მიმდებარე იალაღებზე ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია იგეგმება,“ – ამბობს ზაზა აბულაძე.

ელექტროგადამცემი ხაზი მთა თეთრობამდე შ.პ.ს „აჭარსპეცპროექტის“ მიერ დამუშავებული პროექტით აშენდება.

ავტორი