მთავარი,სიახლეები

საკადრო ცვლილებები აჭარის პოლიციაში

12.04.2017 • 6799
საკადრო ცვლილებები აჭარის პოლიციაში

აჭარის პოლიციაში საკადრო ცვლილებებია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რამდენიმე ხელმძღვანელმა პირმა თანამდებობა გაცვალა.

თანამდებობას ტოვებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიგლა მოსიძე. ის ქედის პოლიციის განყოფილების უფროსი გახდება. ქედის პოლიციის უფროსი, ფრიდონ ფუტკარაძე კი, გიგლა მოსიძის ადგილს დაიკავებს პოლიციის დეპარტამენტში.

„ახლა ვერაფერს გეტყვით, მოგვიანებით დამირეკეთ,“ – გვითხრა გიგლა მოსიძემ… ის მედიის ყურადღების ცენტრში 2013 წლიდან მოექცა, როცა აჭარის მაშინდელ პოლიციის უფროსს, ვალერი თელიას ქუჩაში ინციდენტი შეემთხვა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებთან. ინციდენტის ადგილზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერიდან კადრები წაშლილი აღმოჩნდა. თვითმხილველმა ჟურნალისტმა მაშინ თქვა, რომ კადრები სწორედ გიგლა მოსიძემ ამოიღო. გიგლა მოსიძე იმ პერიოდში ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების უფროსად მუშაობდა, რომელიც ამ ფაქტის შემდეგ დააწინაურეს – იგი სამმართველოს უფროსის მოადგილე გახდა.

პოლიციის უფროსის შეცვლას არ ადასტურებს ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი. „მეც გავიგე ეს ინფორმაცია და თავად ვკითხე პოლიციის უფროს ფრიდონ ფუტკარაძეს. მითხრა, არაფერი არ შეცვლილაო. დღეს ერთად ვიყავით,“ – ამბობს დავით დუმბაძე.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, თანამდებობა ასევე დატოვა ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, რუსლან იოსელიანმა. ის ხელვაჩაურის პოლიციის უფროსად გადაიყვანეს. ამ ადგილს ზაზა დიასამიძე იკავებდა, რომელიც ახლა ქალაქის სამმართველოში რუსლან იოსელიანს ჩაანაცვლებს.

„კონფლიქტი არ ყოფილა და არც გენერალურ ინსპექციას დაუწყია მოკვლევა ამ მიმართულებით,“ – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში, როცა ვკითხეთ, რამდენად რეალური იყო ინფორმაცია რუსლან იოსელიანსა და მის ერთ-ერთ თანამშრომელს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საკადრო გადაადგილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესცენტრი ოფიციალურად არ ადასტურებს, მაგრამ ცვლილებები გარკვეული პერიოდის შემდეგ მაინც დასტურდება…

სამინისტროს პრესსამსახურმა ამჯერადაც შესთავაზა „ბათუმელებს“, რომ საკადრო ცვილელებებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია გამოეთხოვა. კანონით ინფორმაციის გამოთხოვას მაქსიმუმ 10 დღე სჭირდება, თუმცა,  როგორც წესი,  შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარო ინფორმაციას  „ბათუმელებს“ ხშირად არც აწვდის.

12 მარტს, ბათუმის მოვლენების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თქვა, რომ ის აჭარის პოლიციის სამმართველოში საკადრო ცვლილებების საჭიროებას ვერ ხედავდა.

ფოტო: გიგლა მოსიძე 11 მარტის აქციაზე. მანანა ქველიაშვილის ფოტო

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: