მთავარი,სიახლეები

მდინარეში ნაპოვნი ცხედრის საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

12.04.2017 • 1943
მდინარეში ნაპოვნი ცხედრის საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 28 წლის ვიტალი გ.-ს. მას განზრახ მკვლელობის ჩადენაში ედება ბრალი.

საუბარია ქობულეთში, მდინარე კინტრიშში ნაპოვნ ცხედარზე,  გამოძიების ვერსიით, მამაკაცი თებერვალში მოკლეს და იმავე ღამეს მდინარეში ჩააგდეს.

მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული ქობულეთში, გელაურის დასახლებაში ერთ სახლში ცხოვრობდნენ. ორივე მათგანი აფხაზეთიდან დევნილია. გარდაცვლილს სახლში ერთი ოთახი ჰქონდა ნაგირავები  და მარტო ცხოვრობდა.

მოსამართლემ ვიტალი გ.-ს ბრალდების არსი გააცნო, სადაც წერია, რომ მკვლელობა ღამის საათებში მოხდა და ბრალდებულმა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე დანით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა დაზარალებულს. “იმავე ღამეს გვამი ბრალდებულმა მდინარეში გადააგდო,” – დასძინა მოსამართლემ.

ბრალდებაში ამ ეტაპზე არაფერია ნათქვამი მკვლელობის მოტივზე. პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი მოსაპოვებელია.

“ამიტომაც არსებობს მნიშვნელობანი საფრთხე, რომ ბრალდებულმა მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს. მისი მიმალვის საფრთხეც არსებობს. ის ხშირად კვეთს სახელმწოფო საზღვარს და ჩვენ ამის დამადასტურებელი ამონაწერებიც წარმოვადგინეთ,” – მიმართა მოსამართლეს პროკურორმა.

“გადადის იმიტომ, რომ თურქეთში მუშაობს სულ,” – ჩაილაპარაკა დარბაზში მყოფმა ბრალდებულის დედამ.

ბრალდებულ ვიტალი გ.-ს სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტი იცავს. ლაშა რომანაძემ მოსამართლეს ბრალდებულის გათავისუფლება 10 ათასი ლარის სანაცვლოდ შესთავაზა, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა.

ბრალდებული გამოძიებამ 9 აპრილს დააკავა. წინასწარ ჩვენებაში მან ჩადენილი დანაშაული აღიარა, თუმცა ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს.

გასაუბრებაზე უარი გვითხრეს ბრალდებულის დედამ და ოჯახის ახლობლებმა.

კიდევ ერთი დეტალი: მოსამართლემ ბრალდებულს დღევანდელ სხდომაზე უთხრა, რომ შესაძლოა მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ და ეს წინასასამართლო სხდომაზე გადაწყდება.

დღემდე ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულებს არც ერთი საქმე არ განუხილავთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: