მთავარი,სიახლეები

უმაღლეს საბჭოსთან 28 ხეს მოჭრიან

12.04.2017 • 3431
უმაღლეს საბჭოსთან 28 ხეს მოჭრიან

აჭარის უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალწლოვან ხეებს ჭრიან. მოჭრილია წაბლის ხეც, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი.

„ჩვენს წარმომადგენლებს ადგილზე ვერ აჩვენეს დოკუმენტაცია, რის საფუძველზე იჭრება ათეულობით ხე, მათ შორის, წაბლი. როგორც კი გამოვიძახეთ გარემოს დაცვის ინსპექცია, ხეების ჭრის პროცესი შეწყდა,“ – ამბობს გია აბულაძე, უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

ქობულეთის გამგეობის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხეები ნებართვის საფუძველზე იჭრება და სულ 28 ხე მოიჭრება.

„მიმდინარე წლის 29 მარტს კომპანიის მომართვის საფუძველზე, ქობულეთის გამგეობამ შპს „ატუს“ მეგენეიშვილისა და აღმაშენებლის ქუჩებზე მისცა ხეების მოჭრის ნებართვა. კომპანიამ აღნიშნულ ტერიტორიაზე უნდა განახორციელოს ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა. სამუშაოების განხორციელებისთვის საჭირო გახდა ხეების მოჭრა და ტოტების ჩამობელვა. ნებართვის შესაბამისად მეგენეიშვილისა და აღმაშენებლის ქუჩაზე მოიჭრება 22 ძირი კლიპტომერიის, 4 ძირი კიპაროსის და 2 ძირი წაბლის ხე, ხოლო 6 ძირ წაბლის ხეს ჩამობელავენ,“ – აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გამოგზავნილ წერილობით პასუხში.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამ დროისთვის ანგარიშს გაწეულ საქმიანობაზე საკრებულოს აბარებს. ხეების მოჭრაზე კომენტარს სულხან ევგენიძე მოგვიანებით გააკეთებს.

xe 1
xe 3
xe 4
xe 5
ფოტოები მოგვაწოდა გია აბულაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: