მთავარი,სიახლეები

როდის არის სამართლიანი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა

12.04.2017 • 2550
როდის არის სამართლიანი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა

იმედა ხახუტაიშვილის სარჩელს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. ის სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, სადაც წერია: „თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის დამატებით სასჯელად დანიშვნა შეიძლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელად არაა გათვალისწინებული ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით…“

იმედა ხახუტაიშვილი ნარკოტიკის მოხმარებისთვისაა ნასამართლევი. მას ხელვაჩაურის სასამართლომ პირობით მსჯავრთან ერთად, ავტომანქანის მართვის უფლება ჩამოართვა 2 წლით.

„მისთვის ავტომანქანის მართვა შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო, მანამდე იგი ტაქსისტად მუშაობდა. პატიმრობაში არ დატოვეს, მაგრამ მას სხვა სამუშაო ადგილი არ ჰქონდა, ვერსად დასაქმდა და მისი ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა,“ – გვიყვება ნოდარ მელიძე, იმედა ხახუტაიშვილის ინტერესების დამცველი სასამართლოში.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს კანონის იმ მუხლზე, რითაც იმედას სასჯელი შეუფარდეს: „ეს იყო სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი. ეს მუხლი სასჯელის სახით საერთოდ არ ითვალისწინებს საქმიანობის უფლების ჩამორთმევას. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, შრომა თავისუფალია და მისი შეზღუდვა მხოლოდ საგანგებო, ან საომარი მდგომარეობის დროს შეიძლება. როცა კონკრეტული მუხლი ამას არ ითვალისწინებს, გამოდის, რაც არ იცი, იმის გამო გსჯიან,“ – ამბობს ნოდარ მელიძე.

საქმიანობის უფლების შეზღუდვა მოიაზრებს დანიშვნით თანამდებობებზე მუშაობის აკრძალვას, ასევე პროფესიული და სხვაგვარი საქმიანობის შეზღუდვას. სისხლის სამართლის კოდექსი უშუალოდ მოსამართლეს აძლევს უფლებას, თავად განსაზღვროს, არსებობს თუ არა საქმიანობის უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ასეთ შემთხვევაში, მოსამართლეს შეუძლია თანამდებობის დაკავება, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ძირითად, ან დამატებით სასჯელად შეუფარდოს მსჯავრდებულს. ძირითად სასჯელად საქმიანობის უფლების შეზღუდვის მაქსიმალური ვადა ერთიდან ხუთ წლამდეა განსაზღვრული, ხოლო დამატებითი სასჯელის შემთხვევაში – ექვსი თვიდან – სამ წლამდე. იმედა ხახუტაიშვილის შემთხვევაში, სასამართლომ საქმიანობის უფლების შეზღუდვა, ანუ კონკრეტულად მანქანის მართვის უფლების დროებით ჩამორთმევა, დამატებითი სასჯელის სახით გამოიყენა.

„გამოდის, რომ სასამართლო გვევლინება არა კანონიერების გამტარებლად, არამედ კანონშემოქმედად, რაც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება,“ – ამბობს ნოდარ მელიძე.

როცა საკითხი ნარკოტიკის მომხმარებელს ეხება, შესაძლოა თუ არა, მომეტებული რისკის მოტივით მოსამართლეს შეეძლოს მსგავსი შეზღუდვის დაწესება? – კითხვას იურისტი ასე პასუხობს: „რისკი, მაგალითად, გაცილებით მაღალია ალკოჰოლიკი მძღოლის შემთხვევაში, მაგრამ მას წლობით არავინ ართმევს მართვის მოწმობას. თუკი ის დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, მას დააჯარიმებენ, ან გატარდება სხვა სახის სანქცია, მაგრამ კონკრეტულ სამართალდარღვევას მოყვება შედეგი“.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ იმედა ხახუტაიშვილის კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა უკვე დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: