14212101_668919009928065_2450674133830313885_n

LIVE პარასკევი ჰილტონ ბათუმის „სქაი ბარში“

პარასკევს, დაძაბული კვირის შემდეგ, განსატვირთად თუ კარგ ადგილს ეძებთ, „ჰილტონ ბათუმში“ მდებარე „სქაი ბარი“ აუცილებლად უნდა მოინიშნოთ. ეს არ იქნება ტიპური საღამო – ყოველ პარასკევს, საღამოს ათიდან პირველ საათამდე, „სქაი ბარში“, რომელიც ზღვას გადაჰყურებს,  სტუდენტური ბენდი იკრიბება და ცნობილი სიმღერების ქავერებს ასრულებს.

ბენდის ყველა წევრი ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტია. მათგან ყველაზე უფროსი 23 წლისაა, უმცროსი კი – 19-ის.

001 (36)

„ჩვენ გაგვაერთიანა მუსიკამ. ბენდის რამდენიმე წევრი ერთი წლის წინ შევხვდით ერთმანეთს უნივერსიტეტში, დავდიოდით ვოკალის პედაგოგთან. შემდეგ გავიგეთ, რომ ბატონი კალისტრატე ცინცაძე აპირებდა უნივერსიტეტში ბენდის შექმნას და ასე შევიკრიბეთ.  ძალიან მოტივირებული ვიყავით, ყველაფერს ვაკეთებდით, რომ კარგი შედეგი გვქონოდა. ბენდი ორი თვის ჩამოყალიბებული იყო, როცა ჩეხეთში, კარლოვი ვარიში, ფესტივალზე –  „სულიკო“, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან  ჩამოვიდნენ ქართველი შემსრულებლები, ავიღეთ გრანპრი, ჩვენი ვოკალისტი მოეწონათ ძალიან. თავიდან შვიდნი ვიყავით, შემდეგ პირველკურსელები შემოგვიერთდნენ,“ – ყვება 20 წლის თამუნა თითმერია, ბენდის ერთ-ერთი ვოკალისტი.

IMG_8857

ორი თვის წინ სტუდენტურმა ბენდმა „ჰილტონ ბათუმის“ ყურადღება მიიქცია. ახალგაზრდა მუსიკოსებს ჯერ „ჰილტონ ბათუმის“ კორპორატიულ საღამოზე დაკვრა შესთავაზეს, შემდეგ კი კონტრაქტი და სახელწოდება – THE NEPHELEANS-ი.

„მოვისმინეთ თუ არა სტუდენტების შესრულება, ძალიან მოგვეწონა. მერე გავიგეთ, რომ ბენდს არ ჰქონდა სახელი და გადავწყვიტეთ ამ ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის მიგვეცა თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება. „სქაი ბარი“ ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ადგილია და ჩვენი აზრით, აქ დაკვრა დაეხმარება სახელის მოხვეჭაში, დახვეწასა და განვითარებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ეს მომგებიანი იქნება ამ ახალგაზრდებისთვის და ჩვენი სასტუმროსთვისაც,“ – ამბობს თეონა დუმბაძე, მარკეტინგის აღმასრულებელი „ჰილტონ ბათუმში“.

სტუდენტური ბენდის წევრები ამბობენ, რომ ეს შეთავაზება მათთვის ძალიან სასიხარულო, მოულოდნელი და საპასუხისმგებლო იყო.

„ჩვენთვის ეს მსმენელთან ყოველკვირეული ურთიერთობის და ლაივშესრულების მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.  ჩვენი ყოველი რეპეტიცია იმას ნიშნავს, რომ უკეთ ვიქნებით მზად შემდგომი ლაივისთვის,“ – ამბობს მერი ქედელიძე.

„ჟანრობრივად განსხვავდება ჩვენი ვოკალური მონაცემები ერთმანეთისგან, შესაბამისად, რეპერტუარიც მრავალფეროვანი გვაქვს. სხვადასხვა ჟანრის სიმღერას ვასრულებთ“ – ამბობს თაკო ადეიშვილი.

001 (22)

THE NEPHELEANS-ა ამჟამად ათ წევრს აერთიანებს. მათ შორის ერთი ირანის მოაქალაქეა, რომელიც  ბათუმში ცხოვრობს. ბენდის წევრები არიან: გიგი ცინცაძე – დრამერი; გიორგი რუხაია – ვოკალი და აკუსტიკური გიტარა; გიორგი კომახიძე – ბასგიტარა; ლაშა ბლაგიძე – სოლოგიტარა; ზურა ჯეგნარაძე – პიანინო, საქსაფონი ვოკალი; თაკო ადეიშვილი – ვოკალი; ეთო მიქელაძე – ვოკალი; მერი ქედელიძე – საყვირი, ვოკალი; გიორგი საგინაძე – დრამერი, ვოკალი; ფარზად ხასკანალი – გიტარა, თამუნა თითმერია – ტრამბონი, ვოკალი.

001 (9)

სტუდენტური ბენდის მხრადაჭერა „ჰილტონ ბათუმის“ სოციალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. „ჰილტონს აქვს დიდი სოციალური პასუხისმგებლობა, ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც მოიცავს სოციალურ პროექტებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“ – ამბობს თეონა დუმბაძე.

THE NEPHELEANS -ის  ცოცხალი შესრულება „სქაი ბარში“ სულ უფრო და უფრო მეტ მსმენელს იზიდავს. თქვენც შეგიძლიათ ეწვიოთ „სქაი ბარს“ და გაატაროთ პარასკევი ღამე კარგი მუსიკის ფონზე, მეგობრებთან ერთად.

ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.