მთავარი,სიახლეები

როგორ აპირებს განათლების სამინისტრო გაკვეთილების შემცირებას

11.04.2017 • 4640
როგორ აპირებს განათლების სამინისტრო გაკვეთილების შემცირებას

განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ არაერთხელ განაცხადა, რომ სკოლებში გაკვეთილების რაოდენობა აუცილებლად უნდა შემცირდეს. როგორ აპირებს სამინისტრო საგაკვეთილო ბადის შემსუბუქებას და რას ისწავლიან მოსწავლეები მე-12 კლასში? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური საუბრობს.

ქალბატონო ლია, მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ სექტემბრიდან სკოლაში  გაკვეთილები შემცირდება, რა ფორმით მოხდება ეს და რა იგულისხმება შემცირებაში?

ნამდვილად მიდის მუშაობა ეროვნული სასწავლო გეგმის განტვირთვაზე.  საუბარი მიდის ეროვნული სასწავლო გეგმის დონეზე შინაარსობრივ განტვირთვასთან დაკავშირებით, რათა მოსწავლეებს მეტი დრო ჰქონდეთ, განიმტკიცონ მიღებული ცოდნა და მეორე მხრივ, მასწავლებელსაც ჰქონდეს შესაძლებლობა რაც შეიძლება საინტერესო გაკვეთილი ჩაატაროს, პროექტებზე იყოს ორიენტირებული, გაკვეთილები იყოს სახალისო და ინტერაქტიული, რაც მოსწავლეს გაუჩენს სწავლის მაღალ მოტივაციას, აი ამაზე მიდის საუბარი.

პირველიდან მეექვსე კლასამდე ეროვნული სასწავლო გეგმა გადავამუშავეთ, რადგან წინა ეროვნული სასწავლო გეგმა ძალიან დატვირთული იყო, განვტვირთეთ, ახლა საუბარია საბაზო საფეხურის შინაარსობრივ განტვირთვაზე.

როცა პედაგოგები საუბრობენ ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ გაკვეთილებზე, აღნიშნავენ, რომ ამის მიღწევა მხოლოდ საათობრივი ბადის ცვლილების შემთხვევაშია შესაძლებელი. აქვე მოჰყავთ ევროპული სკოლების გამოცდილება, როცა ერთ საგანს 2 საათი ეთმობა დღეში და არა 45 წუთი. რამდენად შესაძლებელია, საათობრივი ბადე ისე გადანაწილდეს, რომ დღეში 6 საათი დაეთმოს, ვთქვათ, სამ საგანს და არა 6-ვე საათი განსხვავებულ საგნებს?

ჩვენ გვჭირდება კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, ამიტომ ვახორციელებთ ეროვნული სასწავლო გეგმის მონიტორინგს, ანგარიშიც მოვამზადეთ დაწყებით საფეხურზე და საბაზო ეროვნული სასწავლო გეგმის გადამუშავების პროცესში ვეყრდნობით საბაზო საფეხურის დანერგვის მონიტორინგის შედეგებს. ჩვენი განათლების სისტემა, რა თქმა უნდა, არის შედეგზე ორიენტირებული და ხელს უწყობს არა ზეპირობას, არამედ სააზროვნო უნარების განვითარებას.

45 წუთი რამდენად საკმარისია იმისთვის, რომ მასწავლებელმა შეძლოს ყველა მოსწავლესთან კომუნიკაცია, თეორიული და პრაქტიკული მუშაობის სრულყოფილად ჩატარება?

რაც შეეხება გაკვეთილების დაწყვილებას, ასეთი რეკომენდაცია სახელმწიფოს, სამინისტროს მხრიდან სკოლებს არ ეძლევათ, იმიტომ, რომ სკოლის დონეზე ხდება გადაწყვეტილების მიღება, როგორ უნდა იყოს საგაკვეთილო ცხრილი აგებული. ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში, ზოგადად ხდება  სასწავლო ბადის კონსტრუირება და ამ ბადის ფარგლებში სკოლა თვითონ განსაზღვრავს როგორი ექნება საგაკვეთილო ცხრილი. დღემდეც ჰქონდა ამის უფლება სკოლას და მომავალშიც ექნება.

ქალბატონო ლია, აქ საუბარია სისტემურ ცვლილებაზე. პედაგოგების აზრით, გაკვეთილი საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული იმ შემთხვევაშია, თუ მასწავლებელს ჰყოფნის დრო იმისთვის, რომ დაგეგმილი განახორციელოს, არსებული მოდელი კი არ იძლევა ამის შესაძლებლობას.   

გააჩნია სიტუაციას, ამას ძალიან ბევრი წინაპირობა აქვს იმისათვის, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, მათ შორის წინარე მზაობის დონე, მოსწავლეების შესაძლებლობების დონე, ფსიქო-ემოციური და კოგნიტური მზაობა და ა.შ სკოლას აქვს საშულება, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით თვითონ მოამზადოს სასკოლო-სასწავლო გეგმა, რომლის ფარგლებში, შიდა სასკოლო კვლევაზე  დაყრდნობით, ყველაზე ეფექტური გზა აირჩიოს, თუ როგორ უნდა მოხდეს საგაკვეთილო საათების გადანაწილება და დღის განმავლობაში როგორი თანმიმდევრობით ჩაატაროს გაკვეთილები.

სკოლას აქვს უფლება თვითონ განსაზღვროს რომელ საგანს რამდენი საათი დაუთმოს?

საგაკვეთილო ბადე იძლევა ამის შესაძლებლობას, იმიტომ, რომ ჯამური საათები მითითებულია და ასევე ბადე იძლევა 25-პროცენტიანი მოდიფიკაციის საშუალებასაც სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე. ასე, რომ ეს ბარიერი, ნამდვილად არ არსებობს.

საბაზო საფეხურის საგნობრივი პროგრამების განტვირთვა სექტემბრისთვის იქნება შესაძლებელი?

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა როცა დაიწყება,  ამის შესაბამისად მოხდება საგნობრივი პროგრამების განტვირთვაც. თუმცა სექტემბრიდან სკოლებს აქვთ საშუალება უფრო მეტი დრო დაუთმონ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს და ისე მოახდინონ ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაცია, რომ მოსწავლეებისთვის იყოს საინტერესო და სახალისო.

არის საუბარი იმაზე, რომ  მე-12 კლასი მთლიანად აბიტურის საათებს დაეთმოს, რომ მოსწავლეებმა სკოლის ბაზაზე შეძლონ ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება.   ამასთან დაკავშირებით თუ არის მიღებული გადაწყვეტილება, თუ უბრალოდ იდეის დონეზეა? 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხედვა არსებობს და ეს ხედვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია და ესეც, რა თქმა უნდა, ჩვენს კვლევებს ეყრდნობა. საშუალო საფეხურზე გადავალთ დიფერენცირებულ მიდგომაზე, კონკრეტულად როგორი იქნება სასწავლო ბადე, ამაზე დღეს ადრეა საუბარი, რადგან ახლა მიდის საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის დამუშავება.

რომელი სასწავლო წლიდან დაინერგება ეს მოდელი?

მას შემდეგ, რაც დავნერგავთ დაწყებით საფეხურზე ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმას, მომდევნო საფეხურზე დაიწყება საბაზო საფეხურზე და შემდეგ საშუალო საფეხურზე. ამ განრიგით  შევძლებთ წასვლას. ცალკე აღებული მე-12 კლასზე არ არის საუბარი.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: