მთავარი,სიახლეები

პრემიის სახით ყველაზე მეტი თანხა აჭარის მთავრობის აპარატში გაიცა, ყველაზე ნაკლები – ტურიზმის დეპარტამენტში

11.04.2017 • 3044
პრემიის სახით ყველაზე მეტი თანხა აჭარის მთავრობის აპარატში გაიცა, ყველაზე ნაკლები – ტურიზმის დეპარტამენტში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, 11 აპრილს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში 2016 წელს თანამშრომლებზე დარიცხული შრომის ანაზღაურების სტატისტიკა და არსებული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად ორგანიზაციის მიერ დამუშავებული რეკომენდაციები წარმოადგინა.

„გამჭვირვალობამ“ აჭარის მთავრობის აპარატში, ოთხ სამინისტროში (ფინანსთა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის და სპორტის, ჯანდაცვის სამინისტროებში) და აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებებში (საარქივო სამმართველო, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი) საჯარო მოხელეებზე გაცემული გასამრჯელოების შესახებ შეისწავლა ინფორმაცია.

2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აჭარის მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში გაცემული თანამდებობრივი სარგოს, პრემიის, სახელფასო დანამატის, საწვავსა და მივლინებაზე დახარჯულმა თანხის საერთო მოცულობამ  15  407  596 ლარი შეადგინა, მათ შორის შრომის ანაზღაურების საერთო მოცულობა – 12 058 202 ლარი – ამგვარად გადანაწილდა:

აჭარის მთავრობის აპარატში ხელფასის სახით გაიცა 1 307 427 ლარი, დანამატის სახით – 683 555 ლარი, პრემიის სახით – 408 250 ლარი [119 თანამშრომელი შტატში]; 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ხელფასის სახით გაიცა 1 071 653 ლარი, დანამატის სახით – 532 832 ლარი, პრემიის სახით – 375 651 ლარი [100 თანამშრომელი შტატში];

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხელფასის სახით გაიცა 823 525 ლარი, დანამატის სახით – 423 037 ლარი, პრემიის სახით – 166 971 ლარი  [68 თანამშრომელი შტატში]; 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ხელფასის სახით გაიცა 695 225, დანამატის სახით – 357 763 ლარი, პრემიის სახით – 171 986 ლარი [62 თანამშრომელი შტატში]; 

აჭარის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში  ხელფასის სახით გაიცა 780 474 ლარი, დანამატის სახით – 403 646 ლარი, პრემიის სახით – 154 528 ლარი [64 თანამშრომელი შტატში]; 

ტურიზმის დეპარტამენტში ხელფასის სახით გაიცა 360 446 ლარი, დანამატის სახით – 170 633 ლარი, პრემიის სახით – 57 650 ლარი [33 თანამშრომელი შტატში]; 

საავტომობილო გზებისა და სამილიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტში ხელფასის სახით გაიცა 478 725 ლარი, დანამატის სახით – 235 333 ლარი, პრემიის სახით – 135 820 ლარი [51 თანამშრომელი შტატში];

საარქივო სამმართველოში ხელფასის სახით გაიცა 813 534 ლარი, დანამატის სახით -391 113 ლარი, პრემიის სახით – 154 900 ლარი [86 თანამშრომელი შტატში];  

გარემოს დაცვის სამმართველოში ხელფასის სახით გაიცა 531 151 ლარი, დანამატის სახით – 260 285 ლარი, პრემიის სახით – 106 089 ლარი [54 თანამშრომელი შტატში] 

2016 წელს აჭარის მთავრობის აპარატში, სამინისტროებსა და საქვეუწყებო დაწესებულების პოლიტიკური თანამდებობის პირებს: მთავრობის თავმჯდომარეს, მინისტრებს და მათ მოადგილეებს, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს პრემია არ აუღიათ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აღნიშნავს, რომ  პრემიების გაცემის ყველაზე სამართლიანი პრაქტიკა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დაამკვიდრა: „ამ უწყების მიერ თანამშრომლებზე პრემიების გაცემის საფუძვლებია საპრემიო კომისიის ოქმები და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათები. ამასთან, ტურიზმის დეპარტამენტში დასაქმებული საჯარო მოხელეები ყოველთვიურად განსხვავებული ოდენობის პრემიას იღებდნენ, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ უწყებაში საპრემიო თანხის განკარგვა მეტწილად დამსახურების მიხედვით ხდებოდა. თუმცა, სხვა დაწესებულებების მსგავსად, ამ უწყების ყველა თანამშრომელზეც 2016 წლის  დეკემბერში თანამდედობრივი სარგოს 100%-იანი ოდენობის პრემია გაიცა“ – აღნიშნულია კვლევაში.

„2016 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობასა და მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების უმეტეს ნაწილში დანამატები კვლავ გაიცემა არა შესრულებული სამუშაოს შედეგის მიხედვით, არამედ გაწეული სამუშაოს შედეგების ყოველგვარი ანალიზის გარეშე. ამასთან, 2016 წლის განმავლობაში სახელფასო დანამატი ყველა სამინისტროსა და საქვეუწყებო დაწესებულებაში ყოველთვიურად გაიცემოდა.

აჭარაში სხვა სამთავრობო უწყებების თანამშრომლებზე გაცემული პრემიის რაოდენობა ყოველთვიურად იდენტურია, რაც ეჭვს ბადებს, რომ პრემია გამოიყენება ხელფასის ასევე ყოველთვიურად გაზრდის მიზნით, რაც მოქმედ კანონმდებობას ეწინააღმდეგება. უწყებებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ანალიზის შედეგად ვერ დგინდება კავშირი შესრულებულ სამუშაოს/ხარისხს და გაცემულ პრემიას შორის.

ანალიზი აჩვენებს, რომ სახელფასო დანამატიც გაიცემა საჯარო მოხელეების ყოველთვიური გასამრჯელოს გაზრდის მიზნით, რადგან ის ფაქტობრივად ფიქსირებული ხელფასის მსგავსი ოდენობით გაიცემა“ – აღნიშნულია ორგანიზაციის ვებგევრდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


ამავე თემაზე:

ვინ აიღო პრემიები აჭარის სამინისტროებში

ზურაბ პატარაძის ხელფასი და პრემიები აჭარის მთავრობის აპარატში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: