მთავარი,სიახლეები

არჩილ ხაბაძე მამის ფინანსთა სამინისტროდან გათავისუფლებაზე

11.04.2017 • 3429
არჩილ ხაბაძე მამის ფინანსთა სამინისტროდან გათავისუფლებაზე

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის და საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრის, არჩილ ხაბაძის მამა, რომელიც წლების განმავლობაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში პრივატიზებისა და ქონების მართვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, სამსახურს დღეს დატოვებს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ თავად არჩილ ხაბაძემ დაუდასტურა:

„დიახ, სავარაუდოდ, ტოვებს სამსახურს. გუშინ იყო ამაზე საუბარი. გადაწყვეტილების მიზეზია რეორგანიზაცია. პრივატიზების დეპარტამენტი უქმდება და სხვა დეპარტამენტს უერთდება. გუშინ იყო გადაწყვეტილი, რომ სამსახური უნდა დაეტოვებინა, დღეს თუ რაიმეს შესთავაზებენ, არ ვიცი“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს გადაწყვეტილება შპს „ჰიგიენა 2009“- დან ხუთი მილიონი ლარის მითვისებას? – არჩილ ხაბაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ის ვარაუდობდა ასეთი კითხვების გაჩენას: „ სწორედ ამიტომ მერჩივნა მე, რომ ეს რეორგანიზაცია გამოძიების დასრულების შემდეგ ჩატარებულიყო. ამაზე მინისტრთან არ მისაუბრია, თუმცა მე პირადად ასე მერჩივნა.“

სამინისტროში დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ მინისტრმა გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მინისტრის ინფორმაციით, ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტს გამოეყოფა საინვესტიციო პროექტების განყოფილება, ხოლო ეკონომიკურ დეპარტამენტს – ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილება. ამ ორი განყოფილების ბაზაზე კი შეიქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული საინვესტიციო დეპარტამენტის სახით.

სამინისტროს კომენტარს ამ საკითხზე „ბათუმელები“ მისი მიღებისთანავე გამოაქვეყნებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: