მთავარი,სიახლეები

ბსუ ახალი სასწავლო კორპუსისა და საერთო საცხოვრებლის პროექტებს შეისყიდის

11.04.2017 • 3146
ბსუ ახალი სასწავლო კორპუსისა და საერთო საცხოვრებლის პროექტებს შეისყიდის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქ. ბათუმში, ლეონიძის ქ. № 15-ში მდებარე უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული ტერიტორიის განაშენიანების გეგმას, საერთო საცხოვრებლისa და სასწავლო კორპუსის შენობების მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციას შეისყიდის.

ბათუმის უნივერსიტეტი ქობულეთში, კაიკაციშვილის ქ. N1-ის მიმდებარედ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობასაც ააშენებს. მთლიანად, ქობულეთში ასაშენებელი კორპუსის ჩათვლით, მშენებლობებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაში კი უნივერსიტეტი 127 ათასამდე ლარს გადაიხდის. უნივერსიტეტმა შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც 26 აპრილს დასრულდება.

ბსუ ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, დაახლოებით 65 ათას კვადრატულ მეტრზე სპორტული მოედნის, რამდენიმე საერთო საცხოვრებლის, სასწავლო კორპუსის, საუნივერსიტეტო სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობას გეგმავს. უნივერსიტეტის კანცლერის, ჯემალ ანანიძის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ლარია, თუმცა უნივერსიტეტს მიმდინარე წელს მხოლოდ საერთო საცხოვრებლის და გარკვეული ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქვს დაგეგმილი; საერთო საცხოვრებლის მშენებლობისთვის კი 3 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც უნივერსიტეტმა, მწვანე კონცხზე არსებული აგრარული ფაკულტეტის სასწავლო კორპუსისა და საერთო საცხოვრებლის გასხვისებით, კერძო კომპანიისგან მიიღო.


ბათუმში, მწვანე კონცხზე მდებარე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტისა და საერთო საცხოვრებლის შენობები, რომლებიც ბსუ-ს საკუთრება იყო, ასევე მიმდებარე ტერიტორია, პირობებიან აუქციონზე კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტმა“ ორ ნაწილად შეიძინა. ორივე აუქციონში მხოლოდ ეს ერთი კომპანია მონაწილეობდა, რომელმაც ქონება ჯამში 7 456 000 ლარად იყიდა.

პირველ აუქციონზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სასწავლებლის ტერიტორიის ნაწილი – 25 160 კვ/მ მიწის ფართობი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო, აჭარის ქონებად სექტემბერში დაარეგისტრირა; აქედან 1 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს დანიშნულება შეუცვალა და მთელი ეს ქონება, 200 კვ/მ ფართობის ნაგებობებთან ერთად, საკუთრებაში გაფორმებიდან ერთ კვირაში პირობებიან აუქციონზე გაიტანა. საწყისი გასაყიდი ფასი – 2,8 მილიონი ლარი იყო. „ბიზნეს დეველოპმენტმა“ და ქონება 2016 წლის 12 ოქტომბერს 2 მილიონ 856 ათას ლარად შეიძინა.

მეორე აუქციონზე ქონება 4 500 000 ლარად იყო გამოტანილი – ორი შენობა [3239,62 კვ/მ და 4912,07 კვ/მ] და მათზე დამაგრებული 13 640 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ეს ქონება კომპანიამ 4 600 000 ლარად შეიძინა. შესაბამისად, „ბიზნეს დეველოპმენტს“, რომელსაც აუქციონზე კონკურენტი არ ჰყოლია, 1 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთში დაახლოებით 337 ლარის გადახდა მოუწევს. მაშინ, როდესაც ზღვისპირა ზოლში მიწის საბაზრო ფასი გაცილებით მაღალია. ეს ქონება „ბიზნეს დეველოპმენტმა“ საკუთრებაში 2017 წლის პირველ მარტს დაირეგისტრირა.

ამავე თემაზე:

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი „ბენზეში“ სათბურს აშენებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: