გონიოში გასაყიდ შენობას მოსახლეობისგან პოლიცია იცავს

ბათუმში, გონიოს დასახლებაში, აფსაროსის მე-3 ჩიხში მდებარე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებულ შენობას დაცვის სამსახური დაიცავს. სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 7 აპრილს, ღამით მოქალაქეთა ჯგუფი შეეცადა ამ შენობის თვითნებურად დაკავებას.

dacvis policia„აღნიშნული ობიექტის [ყოფილი სასადილოს] მეორე სართული არ წარმოადგენს საცხოვრებელ ფართობს, არ არის შესაბამისად მოწყობილი, გააჩნია დიდი ზომის ღიობები (ფანჯრები) და კედლები ამოშენებულია მხოლოდ პერიმეტრზე, ამავდროულად ობიექტის შესასვლელზე დამონტაჟებული იყო გისოსები და ბოქლომი. შენობა-ნაგებობის დაკავება განხორციელდა იქვე მცხოვრები 12 ოჯახის მიერ…

გამართული მოლაპარაკებების შედეგად ობიექტი გაათავისუფლეს, ხოლო ფაქტის განმეორების თავიდან აცილების მიზნით, 2017 წლის 8 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან გაფორმდა დაცვის მომსახურებაზე ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 2017 წლის 30 აპრილის ჩათვლით“ – აცხადებს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

8-30 აპრილის განმავლობაში  ობიექტის დაცვაში ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაცვის სამსახურს 10580 ლარს გადაუხდის. შესყიდვების სააგენტომ კი სამინისტროს ეს გადაწყვეტილება კანონიერად 14 აპრილამდე უნდა ცნოს.

ნინისტრი

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს სამომავლოდ სავარაუდოდ საპრივატიზებო ობიექტს და დაუშვებელია მისი ხელყოფა და დაკავება მესამე პირ(ებ)ის მიერ“.


12 ათასამდე ლარი გადაიხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვაშლოვანში 72-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის და  ბათუმში, თამარის დასახლება №29-ის მიმდებარედ 58-ბინიანი საცხოვრებელი სახლის 2 კვირის განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღით დაცვის მომსახურებაში.

ამ მომსახურების შესყიდვის აუცილებლობაც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ იმით ახსნა, რომ „შენობა დაიკავეს უკანონოდ გარეშე პირებმა…  თამარის დასახლება 29-ის მიმდებარედ არსებულ სოციალურ სახლში უკანონოდ შეიჭრა ხალხი [60-მდე ოჯახი].“

შეჭრილთა უმრავლესობა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულიდან იყო. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ სოფელი მეწყრული პროცესების გამო დატოვეს. გამართული მოლაპარაკებების შედეგად სახლი გაათავისუფლეს.

ზედა ვაშლოვანში და ბათუმში არსებულ ე.წ. სოციალურ სახლებს ცეცხლსასროლი იარაღით დაცვის პოლიცია გასულ წელსაც [31 დეკემბრის ჩათვლით] იცავდა, რაშიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 119 410 ლარი გადაიხადა.

აჭარის მთავრობისთვის ყველაზე დიდ პრობლემას ე.წ. „ოცნების ქალაქი“ წარმოადგენს, რომლის მოგვარება რამდენიმე წელია ხელისუფლებამ ვერ გამონახა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com