მთავარი,სიახლეები

სოფელ კორომხეთის მცხოვრებლები კომისიის შექმნას და ზარალის კომპენსაციას ითხოვენ

10.04.2017 • 1881
სოფელ კორომხეთის მცხოვრებლები კომისიის შექმნას და ზარალის კომპენსაციას ითხოვენ

დღეს, 10 აპრილს, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის“ ცენტრში, ქედის მუნიციპალიტეტის მცხოვრებმა პირებმა მაღალმთიან რეგიონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შედეგად მიყენებულ ზარალზე ისაუბრეს. სოფელ კორომხეთის მცხოვრებთა თქმით, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების გაყვანის გამო მათი საკუთრება დაზიანდა, რის გამო ისინი კომპენსაციას ითხოვენ.

„ჩვენი საკარმიდამო ნაკვეთი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის გამო დაზიანდა. შემოვიდნენ, მითხარ-მოთხარეს ყველაფერი და წავიდნენ. ის ადგილი, სადაც ანძა უნდა აგებულიყო, ჩამოიშალა და ამის გამო პასუხი არავის უგია.

არც გზა გვაქვს ამ წუთებში და არც სამეზობლო მიჯნებია აგებული. რაც იყო, ყველაფერი მოშლილია. დაპირებები იყო, დღეს-ხვალ, მაგრამ არაფერი გაკეთებულა“- გვეუბნება კორომხეთის მცხოვრები მიქაელ ფარტენაძე.

ამავე სოფლიდანაა დავით ფარტენაძეც. ის ამბობს, რომ სოფლის მცხოვრებლები ხელისუფლებას კომისიის გამოყოფას სთხოვენ,  მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის დასადგენად.

„ვერ მივაღწიეთ იმას, რომ კომისია შეექმნათ, ღობეები დაზიანდა, საკარმიდამო ნაკვეთები ჩამოიშალა, გზა დაზიანებულია, ამას ხომ სჭირდება ზარალის დათვლა, რომ კომპენსაცია გაიცეს. ერთი გზა გაიყვანეს და ანძა ვერ დადგეს, მიწა ჩამოიშალა, ახლა მეორე გზა გაჰყავთ. სახლში მისასვლელი გზა აღარ მაქვს, დააზიანეს. გზა მაინც გაასწორონ, რომ სახლში მივიდე“.

სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სამუშაოების დაწყებამდე მათ დაჰპირდნენ, რომ ზარალის შემთხვევაში კომპენსაციას მიიღებდნენ.

შეხვედრაზე იმყოფებოდა ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე. მისი თქმით, მოსახლეობა გაღიზიანებულია იმის გამო, რომ მათი უფლებები ხშირად ირღვევა ხელისუფლების მხრიდან.

სოფელ კორომხეთის მცხოვრებლები ზარალის კომპენსაციას მოითხოვენ

სოფელ კორომხეთის მცხოვრებლები ზარალის კომპენსაციას მოითხოვენ.

„მაღალმთიან რეგიონში სხვადასხვა კომპანიის მხრიდამ ხშირად ირღვევა ადამიანის უფლებები,  ამის დასტურია ის საპროტესტო აქციებიც, რომლებიც ხშირად იმართება ხოლმე მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში. ეს ხდება იმ ფონზე, როცა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელის ხელფასი არის თვეში 27 ათასი ლარი, ამხელა ხელფასს იღებენ და ელემენტარულ საკითხებს ვერ აგვარებენ, მათ შორის მოსახლეობასთან კომუნიკაციას და  ვერ იცავენ ადამიანის უფლებებს, ასეთი დამოკიდებულება მოქალაქეების ქონების მიმართ არის უპასუხისმგებლობა და გულგრილობა,“-ამბობს თამაზ ბაკურიძე.

თამაზ ბაკურიძის თქმით, თუკი უახლოეს პერიოდში არ მოგვარდება აღნიშნული პრობლემები, საპროტესტო აქციები დაიწყება: „ჩვენ შევეცდებით არაერთი სოფელი გავაერთიანოთ და საპროტესტო აქცია ჩავატაროთ,“-ამბობს ის.

სოფლის მცხოვრებლების თქმით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის დროს მათი მიწის ნაკვეთები დაზიანდა

სოფლის მცხოვრებლების თქმით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის დროს მათი მიწის ნაკვეთები დაზიანდა.

მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, ახალციხე-ბათუმის 220- კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში, ინდური კომპანია KEC-ი ააშენებს. ელექტროგადამცემი ხაზი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლის. მშენებლობა 2018 წლის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს. ამ ხაზით ახალაშენებული ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ერთ სისტემაში მოქცევა და თურქეთისთვის მიწოდება იგეგმება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: