ბათუმში ცხრა აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს ბათუმში, 9 აპრილის მემორიალთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მთავრობის წევრებმა ცხრა აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. სიმბოლურია ჩვენი შეკრებაც. დღევანდელ დღეს აქვს ორმაგი დატვირთვა. ერთი მხრივ, ეს არის დიდი ტრაგედიის დღე, რომელიც დატრიალდა 1989 წლის 9 აპრილს, მეორე მხრივ, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ჩვენ შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. არასოდეს უნდა დავივიწყოთ მათი სახელები,“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ ცხრა აპრილის მემორიალთან.


1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

ფოტო: მემორიალი ბათუმის ბულვარში / 9 აპრილი, 2017 / აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ფოტო
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი