მთავარი,სიახლეები

საცხოვრებელი სახლის ხარვეზების აღმოსაფხვრელად ბათუმის ბიუჯეტიდან 307 ათასი ლარი დაიხარჯება

09.04.2017 • 3589
საცხოვრებელი სახლის ხარვეზების აღმოსაფხვრელად ბათუმის ბიუჯეტიდან 307 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმში, გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსისთვის, რომელიც ბიუჯეტის ფულით ერთხელ უკვე „გაალამაზეს“, 300 ათასი ლარი დამატებით დაიხარჯება. ამჯერად, თავის დროზე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო არსებული „ხარვეზების აღმოსაფხვრელად“.

გოგებაშვილის ქ. N32-ში მდებარე ამ საცხოვრებელი სახლის „ხარვეზების აღმოფხვრისთვის“ ბათუმის მერიის ბიუჯეტში 307 ათას 360 ლარია გათვალისწინებული. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი მერიის ა[ა]იპ-მა – „ბათუმის კორპუსმა“, უკვე გამოაცხადა.

ტენდერში გამარჯვებულს, ძირითადად, შემდეგი სამუშაოების შესრულება მოუწევს:

საკეტები: არსებული მეტალოპლასტმასის ორფრთიანი შემინული კარის ბლოკის შეკეთება-რეგულირება; ჰერმეტულობისათვის ახალი რეზინების მოწყობა; სადარბაზოს კარის ბლოკზე ასევე არსებული გუმბათის ფანჯრის ბლოკზე საკეტი მექანიზმების შეცვლა.

სახურავთან დაკავშირებული სამუშაოები: სადარბაზოს გუმბათის სახურავისა და სახლის არსებული სახურავის შეკეთება ახალი მასალის დამატებით; თუნუქის მოწყობა.

ფასადთან დაკავშირებული სამუშაოები: ფასადის კედლებზე ბზარების დამუშავება, აივნის კედლებისა და კარის ფერდობების შეღებვა; არსებული კერამიკული ფილებისა და დეკორატიული თაბაშირის კალათების დემონტაჟი, ხელახლა ჩამოსხმა და მონტაჟი; ლითონის მხატვრული მოაჯირების მოწყობა.

იატაკსა და კედლებთან დაკავშირებული სამუშაოები: დათბუნება აივნის იატაკის ქაფპლასტით; აივნის იატაკის მოპირკეთება; ხის პარკეტის იატაკის შეცვლა, მოხვეწა და შეღებვა ლაქით; პლასტიკატის ჭერის მოწყობა; ჭერის შეღებვა; შპალერის აკვრა.

ასევე, ცემენტის მჭიმის მოწყობა 4 სმ სისქის ლითონის ბადეზე; ელ/სამონტაჟო სამუშაოები.

სატენდერო პირობის მიხედვით, სამუშაოები 2017 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. საგარანტიო პერიოდი ერთი წელია. ტენდერში წინადადებების მიღება კი მიმდინარე წლის  27 აპრილს დასრულდება.


2017 წლისთვის „ბათუმის კორპუსმა“ შარშან ბათუმის მერიას 11 მილიონი ლარით დაფინანსება მოსთხოვა, თუმცა ქალაქის ბიუჯეტის პროექტში მხოლოდ 6 მილიონი ლარი  გაითვალისწინეს. „გვაქვს მზა პროექტები, რომლებიც აუცილებლად დაფინანსდება…  აკაკი შანიძის N28-ში ხუთსართულიანი კორპუსია გასამაგრებელი; ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში მდებარე სახლში, რომელიც გაალამაზეს თავის დროზე, დაადგეს გუმბათი, მაგრამ ავარიულია და წყალი ჩადის მოსახლეობას; ასევე რუსთაველის N41-ში ბამბუკის მოაჯირებიანი სახლი რომ არის,  იქ მოაჯირები უნდა გამოიცვალოს, დამპალია და სახურავიდანაც წყალი ჩადის,“ – განაცხადა გასული წლის დეკემბერში „ბათუმელებთან“ ზურაბ ნაკაიძემ, „ბათუმის კორპუსის“ ხელმძღვანელმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: