მთავარი,სიახლეები

საქართველოს კონსული ტრაპიზონში: საქართველოს მოქალაქე და პოლიციელი დაკავებულები არიან

07.04.2017 • 4779
საქართველოს კონსული ტრაპიზონში: საქართველოს მოქალაქე და პოლიციელი დაკავებულები არიან

ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კოსნულის, ავთანდილ მიქაცაძის განცხადებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქე და თურქი პოლიციელი დაკავებული არიან. „ბათუმელები“ კონსულს ტელეფონით ესაუბრა.

ბატონო ავთანდილ, კონკრეტულად რა ინფორმაციას ფლობთ სარფის საბაჟო გამშვებ პუნტქზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და თუ მოინახულეთ საქართველოს მოქალაქე, რომელიც როგორც ამბობენ, საავადმყოფოშია გადაყვანილი?

ვიცე კონსული და კონსული ადგილზე არიან და არკვევენ სიტუაციას. ორივე პირი – პოლიციელიც [თურქეთის მოქალაქე] და საქართველოს მოქალაქეც  დაკავებულია ხოფის პროკურატურის მიერ, რადგან ორივე მხარე მონაწილეობდა ინციდენტში.

რამდენად მძიმეა დაზიანებები, რომელიც მიიღო საქართველოს მოქალაქემ?

მას ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევა და ამ დროისთვის უკვე გადაყვანილია საავადმყოფოდან. აქედან გამომდინარე, სერიოზული დაზიანებები არ იქნება. დაზიანებები ორივე პირს აქვს მიღებული. დანარჩენს სასამართლო გაარკვევს.  ორივე დაიკითხება  ეჭვმიტანილის სტატუსით.

ითქვა, რომ საქართველოს მოქალაქე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამის შესახებ?

ეს თურქული მხარის პოზიციაა, მაგრამ საქართველოს მოქალაქე ამ ფაქტს არ ადასტურებს. ექსპერტიზა ჩაუტარდათ, ამიტომ მასალებში ოფიციალური ვერსია დაიდება.

ამჟამად სად იმყოფებიან დაკავებულები?

საქართველოს მოქალაქე იყო საავადმყოფოში ხოფაში და უკვე გადმოყვანილია საბაჟო ზონაში, სარფში და ახლა ვარკვევთ მის მომავალს, რადგან ორივეს ემუქრება ციხე და ვცდილობთ, რომ ეს ავაცილოთ. როგორც თურქული მხარე გვიმტკიცებს, პირველი ჩვენმა მოქალაქემ დაარღვია კანონი. თუმცა, კანონდარღვევა ორივეს მხრიდან დასტურდება.

ოფიციალური პირებიდან კიდევ ვინ არის ინფორმირებული ფაქტის შესახებ?

დღეს ჩამოფრინდა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, გაიარა სარფში და ინფორმირებულია ამ ფაქტის შესახებ. ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერი ჩატარდება კანონის ფარგლებში. რადგან ადგილზე იმყოფებიან ვიცე კონსული და კონსული, მე აღარ წავედი, რადგან  შს მინისტრს აქ ველოდები, ტრაპზონში, კონფერენციაზე და იმედია შევხვდები და ვთხოვ, რომ ეს საქმე აიყვანოს კონტროლზე.

ბატონო ავთანდილ, ვინ იცავს საქართველოს მოქალაქის უფლებებს, ადვოკატი ჰყავს?  

ადვოკატი დანიშნული ჰყავთ სახაზინო წესით, თუმცა  ჩვენც ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქის უფლებები იყოს დაცული. კონტაქტი გვაქვს სახალხო დამცველის ოფისთანაც [საქართველოში] და განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმირებული იქნებიან.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: