მთავარი,სიახლეები

ფარული სატელეფონო ჩანაწერებით გამოჭერილი პროკურატურა

07.04.2017 • 3824
ფარული სატელეფონო ჩანაწერებით გამოჭერილი პროკურატურა

გაზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული იაკობ აზარაძე მოსამართლე ირაკლი შავაძემ უდანაშაულოდ სცნო. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა. გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურორების და ადვოკატების შემაჯამებელი და საპაექრო სიტყვები ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 7 აპრილს მოისმინა.

ყველაფერი  რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, როცა სასამართლო პროცესზე პროკურორების გამოსვლის შემდეგ, ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ ფარული სატელეფონო ჩანაწერები ააფრიალა და მათ კითხვას შეუდგა. ფარულად პროკურატურამ ბრალდებულს და მისი ახლობლების სატელეფონო საუბრები ჩაიწერა, თუმცა არც ერთი მათგანი გამოძიებისთვის სასარგებლო არ აღმოჩნდა. შესაბამისად, დაახლოებით ერთსაათიანი შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლის დროს, პროკურორ რამაზ შავაძეს სატელეფონო ჩანაწერი საერთოდ არ უხსნებია.

პროკურორები – რამაზ შავაძემ და ალექსანდრე ძირკვაძე სასამართლოს მოუყვნენ, რა მოხდა მათი ვერსიით თხილნარის ერთ-ერთ ღია კაფეში გასული წლის ივლისის ერთ საღამოს…

2016 წლის 18 ივლისს თხილნარის ერთ-ერთ კაფეში ჩხუბი მას შემდეგ ატყდა, როცა აჭარულს ცეკვავდა და-ძმა, ხოლო ბრალდებულმა ცეკვაში ჩართვა სცადა. პროკურატურა, ძირითადად, მუცლის არეში დანით დაჭრილი გიზო დუმბაძის დის და ახლობლის ჩვენებებს დაეყრდნო. მათი თქმით, სიტყვიერი კამათის შემდეგ გიზო დუმბაძე დაჭრა აზარაძემ. პროკურორები აქცენტს იმაზე აკეთებდნენ, რომ ბრალდებულის ფეხსაცმელს ექსპერტიზა ჩაუტარდა და მასზე დაჭრილის სისხლის ლაქა აღმოჩნდა.

„გენეტიკური ექსპერტიზა არ ცდება. თუკი ბრალდებული დამნაშავე არ არის, როგორ აღმოჩნდა სისხლის ლაქა მის ფეხსაცმელზე? თან ბრალდებული და დაცვის მხარის მოწმეები აღნიშნავდნენ, რომ ბრალდებული ახლოსაც კი არ მისულა შემთხვევის ადგილას“, – პროკურორ რამაზ შავაძის ამ კითხვას ადვოკატმა უპასუხა, რომ სისხლის ლაქა ფეხსაცმლის ლანჩზე იყო და სრულიად შესაძლებელია ლაქა სხვების ფეხსაცმელზეც შემორჩენილიყო, ვინც იქ გაიარა.

პროკურორებმა თავიანთ გამოსვლაში ისაუბრეს ირაკლი გოგიტიძეზეც. ეს ის პირია, რომელიც საქმეში ბრალდებულის დაკავებიდან რამდენიმე დღეში გამოჩნდა. ირაკლი გოგიტიძე ბრალდებულ იაკობ აზარაძის სიძეა. ის ადვოკატს მოუყვა და წერილობითაც დაუდასტურა, რომ გიზო დუმბაძე მან დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით მან სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ეს უარყო.

„ირაკლი გოგიტიძე  დაცვის მხარემ შემოიყვანა განზრახ, რათა ჩიხში შეეყვანა გამოძიება. ირაკლიმ ცალსახად უარყო დაჭრის მცდელობა და თქვა, რომ არ წაუკითხავს რა წერილზე მოუწერა ხელი ადვოკატს,“ – შენიშნა პროკურორმა რამაზ შავაძემ.

„სასამართლოს ჩვენება მაია აზარაძემაც მისცა, ირაკლი გოგიტიძის ცოლმა. მან თქვა, რომ ირაკლი აღიარებითი ჩვენების მოსაცემად მივიდა ადვოკატებთან… მაიას ნათესავია ბრალდებული და ამიტომაც სიმართლე თქვა. ირაკლი გოგოტიტიძეს სასამართლოში ვკითხეთ ჩვენ და არ უთქვამს, რომ ვინმემ აიძულა ჩემთვის ჩვენების მოცემა. მან ისიც დაადასტურა, რომ იმავე დღეს პოლიციის განყოფილებაში მოვიდა თავისი ნებით და თქვენ ის არ დაკითხეთ“, – მიმართა პროკურორს ადვოკატმა, ზვიად მარკოიძემ.

„ირაკლი გოგიტიძემ თქვა, რომ ჩხუბის დაწყების დროს, მას სიდედრმა უთხრა, წასულიყო, რომ ჩხუბში არ ჩართულიყო,“ – თქვა პროკურორმა.

„რა უფრო დამაჯერებელია, ირაკლი გოგიტიძე არ ჩართულა ჩხუბში და გაუჩინარება ისე, რომ იმ საღამოს ვერც კი იპოვეს, ის ტყე-ტყე გარბოდა; თუ ის, რომ იაკობ აზარაძე, რომელმაც თითქოს ადამიანი დაჭრა, ჩაჯდა „მარშუტკაში“ და ბათუმისკენ წამოვიდა?” – იკითხა ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ.

„რანაირი გამომძიებლები არიან მაგენი, რამე ინტერესი აქვთ ჩემი, თუ რა ხდება?“ – ეს ბრალდებულს უთქვამს საკუთარი მამისთვის, როცა ციხიდან ტელეფონით ესაუბრა. ადვოკატმა ფარული სატელეფონო ჩანაწერიდან რამდენიმე ნაწყვეტი წაიკითხა. ფარულ მიყურადებაზე უფლება პროკურატურამ სასამართლოსგან მიიღო. ამ შემთხვევაში სავალდებულო იყო ჩანაწერების დაცვის მხარისთვის გადაცემაც. ჩანაწერებში ბრალდებულის, ასევე მისი რამდენიმე ახლო ნათესავის საუბარია ჩაწერილი. ისინი საუბრობენ უდანაშაულო იაკობის დასჯასა და სიძეზე, რომელმაც, მათი თქმით, ადამიანი დაჭრა.

როგორც სასამართლო დარბაზში ბრალდებულის ახლობლემა გვითხრეს, ჩვენების მიცემის შემდეგ ირაკლი ქვეყნიდან წავიდა.

„რატომ არ გადმოგვეცით დაჭრილის ახლობლების სატელეფონო ჩანაწერები, ვინც პირდაპირ დაადო ხელი იაკობს?“ – იკითხა დაცვის მხარემ. ადვოკატის განმარტებით, პროკურატურა დაჭრილის რამდენიმე ახლობელსაც უსმენდა, თუმცა ამ საუბრის ჩანაწერი დაცვის მხარისთვის არ გადაუციათ.

„საერთოდ რატომ უსმენდით იმ ადამიანებს, მათ ხომ თქვენთვის სასარგებლო ჩვენება თავიდანვე მოგცეს? იქნებ იმიტომ უსმენდით, რომ მაკომპრომეტირებელი მასალის მოგროვება გინდოდათ, რადგან არსებობდა რისკი მათ იგივე აღარ ეთქვათ სასამართლოში, რაც გამომძიებლებს უთხრეს“, – აღნიშნა ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ.

„აბსურდული ბრალდებაა. ჩვენ ყველა ჩანაწერი განვახორციელეთ კანონის სრული დაცვით და ყველა მასალა გადმოგეცით“, – მოკლედ მოუჭრა პროკურორმა ადვოკატს.

გამოძიებამ ვერ ამოიღო დანა, რითაც დანაშაული განხორციელდა. პროკურატურის მტკიცებით, დამნაშავემ სამზარეულოს დანა გამოიყენა, რასაც დაცვის მხარე კატეგორიულად გამორიცხავს კაფეს მომსახურე პერსონალის ჩვენებებზე დაყრდნობით. მათი თქმით, საცეკვაო მოედნის სიახლოვეს კაფეს სამზარეულოს დანა არ იქნებოდა დადებული.

რაც შეეხება დაზარალებულ გიზო დუმბაძეს, მას მკურნალობა ჩაუტარდა და გამოჯანმრთელდა. ჩვენების მიცემის დროს, მან გამომძიებლებს უთხრა, რომ ნასვამი იყო და აღარ ახსოვს, ვინ დაჭრა.

იმავე საღამოს თხილნარის კაფეში კიდევ რამდენიმე პირმა მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება. იაკობ აზარაძის მიმართ სწორედ ამ ნაწილში გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი მოსამართლე ირაკლი შავაძემ და მას 9 თვით პატიმრობა შეეფარდა. იაკობ აზარაძე თითქმის 9 თვე უკვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას დაახლოებით 10 დღე მოუწევს ისევ ციხეში ყოფნა.

იაკობ აზარაძის ახლობლები სასამართლო პროცესის შემდეგ


 

მთავარი ფოტო: პროკურორი რამაზ შავაძე

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: