მთავარი,სიახლეები

მოსამართლის შერჩევას დასაბუთება ისევ არ დასჭირდება

07.04.2017 • 1912
მოსამართლის შერჩევას დასაბუთება ისევ არ დასჭირდება

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების შერჩევას დასაბუთება ისევ არ დასჭირდება. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს, 7 აპრილს მიიღო.

სარჩელის ავტორები არიან მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატები: მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი. მათ გასულ წლებში არაერთხელ უთხრა უარი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. საბჭოს, მოქმედი კანონმდებლობით, არ აქვს ვალდებულება, დაასაბუთოს გადაწყვეტილება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას და დასაბუთებული პასუხის გაცემა შეუძლებელიცაა. მოსამართლეობის მსურველებს გასულ წლებში არც უარის გასაჩივრების საშუალება მიეცათ.

საკონსტიტუციო სასამართლოს უარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მიმდინარე წლის 13 თებერვალს შესულ ცვლილებას დაეყრდნო. ამ ცვლილების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მოსამართლეობის კანდიდატმა შესაძლოა გაასაჩივროს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ცვლილებას არსებითად არაფერი შეუცვლია, რადგან გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფარულ კენჭისყრაზე იღებს და შესაბამისად, მას დასაბუთების ვალდებულება ისევ არ აქვს.

9 მოსამართლიდან სამი საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ირინე იმერლიშვილის, მაია კოპალეიშვილის და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებულ პოზიციებს სასამართლო დღეს გამოაქვეყნებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: