მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარაში შუქის გათიშვის გრაფიკით ენერგოომბუდსმენი დაინტერესდება

06.04.2017 • 2967
აჭარაში შუქის გათიშვის გრაფიკით ენერგოომბუდსმენი დაინტერესდება

რამდენიმე დღეა, რაც აჭარის მაღალმთიან სოფლებში შუქი მოსახლეობას დღის საათებში არ მიეწოდება. შუქი არ მიეწოდება საჯარო სკოლებს, ასევე საბავშვო ბაღებს, სადაც ხორცსა და სხვა მალფუჭებად პროდუქტებს მაცივარში ინახავენ. ენერგოკომპანია „ენერგო პრო-ჯორჯია“ შუქის გათიშვასთან დაკავშირებით აბონენტებს სრულყოფილ ინფორმაციას არ აწვდის და შეტყობინებას შუქის გამორთვასთან დაკავშირებით მაშინ უგზავნის აბონენტებს, როდესაც შუქი უკვე რამდენიმე საათის გამორთულია. ამასთან, შუქი დაანონსებულ დროზე რამდენიმე საათით გვიან ირთვება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ენერგოომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში, ბექა სიორდია მბობს, რომ ამ ინფორმაციას არ ფლობდა და პრობლემის მოსაგვარებლად კომპანიას დაუკავშირდება: „ამ პრობლემებით აჭარის მთიანეთიდან ჩემთვის არავის მოუმართავს. თუ შუქის მიწოდება სცდება დაანონსებულ გრაფიკს, ჩვენ დავუკავშირდებით ენერგოკომპანიას; გავიგებთ, თუ რატომ არ ხდება შუქის მოწოდება დაანონსებულ დროს და მოგაწვდით ინფორმაციას მომხმარებლებსაც“.

ბექა სიორდიას თქმით, მოსახლეობამ მიმართა ქობულეთიდან, ციხისძირიდან, მაგრამ „ეს გეგმიური გათიშვები არ იყო. მას შემდეგ რაც კომპანიას მივმართეთ, პრობლემა აღმოიფხვრა. აბონენტები შუქის გათიშვასთან დაკაშირებით მანამდე უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, ვიდრე შუქი გაითიშება. იმ შეთხვევაში, თუ შუქის მასიური გათიშვის გამო ვინმე დაზარალდა, ზარალის ასანაზღაურებლად შეუძლია მიმართოს ენერგოკომპანიას“.

კითხაზე, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს მოსახლეობას, მას შემდეგ, რაც აღნიშნული პრობლემით ენერგოომბუდსმენის სამსახური უკვე ინფორმირებულია? – ბექა სიორდია პასუხობს: „ხვალიდან ვითარება აუცილებლად გაუმჯობესდება, დავუკავშირდები კომპანიას და გავიგებ, რატომ ირღვევა დაანონსებული ვადები“.

მიუხედავად „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლის განცხადებისა, რომ შუქის გათიშვა სოფელში სამდღიან გრაფიკს არ გასცდებოდა, აჭარის რიგ სოფლებში შუქი ზედიზედ 10 დღეზე მეტია ითიშება.

„ენერგო პრო-ჯორჯიას“ აჭარისა და გურიის სადისპეტჩერო განყოფილების უფროსმა, ჰაიდარ ფარტენაძემ რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით აჭარის მთიანეთში ელექტროენერგიის მიწოდებაში შეზღუდვები აპრილის თვის ბოლომდე გაგრძელდება. მისივე თქმით, დაანონსებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას აბონენტები sms-ით მიიღებენ, ხოლო სოფლებში ეტაპობრივად, სამდღიანი გრაფიკით, დღისით შეწყდებოდა შუქის მიწოდება.


რით ეხმარება ენერგოომბუდსმენი მომხმარებლებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: