სიახლეები

ერთი დღე სამაშველო სამსახურში

22.03.2014 • 2766
ერთი დღე სამაშველო სამსახურში

 

სამაშველო სამსახური  – „ბაზა“

 

აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო სამი წელია არსებობს. მისი ხელმძღვანელი მამუკა თურმანიძეა. ექვს განყოფილებაში 94 თანამშრომელი მუშაობს; 26 ავტომანქანა, კატარღა, კვადროციკლი და წყლის მოტოსკუტერი აქვთ. ზღავზე, მთაში და ხმელეთზე ადამიანებს ეხმარება 59 მაშველი, 6 მყვინთავი, 5 გემთწამყვანი და 2 მოტორისტი. სააგენტო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. სამინისტრომ სააგენტოს წელს 2 464 250 ლარი უნდა დაუმტკიცოს. 

 

ბაზას 37 თანამშრომელი ჰყავს. ყველაზე მეტი, 16 მაშველი აქ არის მობილიზებული. „ბაზის“ ეკიპაჟი 4-კაციანია.

 

სააგენტოს ცენტრალური განყოფილება, რომელსაც თანამშრომლები „ბაზას“ უწოდებენ, ხელვაჩაურის გამგეობის შენობის უკან მდებარეობს. ეზოში, ხის ძირას, საბურავებდაშვებული სამი მსუბუქი მანქანა დგას. ხეზე რამდენიმე ადგილას განასკვული მსხვილი ბაწარი ჰკიდია. როგორც მამუკა თურმანიძე ამბობს, მანქანები სააგენტოს ჩამოწერილი ქონებაა და მაშველები სავარჯიშოდ იყენებენ.

იქვე ტექნიკური აღჭურვილობის შესანახი საწყობია. მის უკან დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლის რკინის კონსტრუქცია დგას. შენობის პირველ სართულზე საკონფერენციო ოთახი, ოპერატორის განყოფილება, „რეაგირების ოთახი“ და სამზარეულოა, მეორე სართულზე კი, ბუღალტრისა და სააგენტოს ხელმძღვანელის კაბინეტებია განთავსებული.

 

 

ახლო ხედით

 

დღეს დათო ქადიეშვილი, ჯანი ხალვაში, გიორგი ბარამიძე და ვახტანგ დევაძე მორიგეობენ. მაშველებიდან ყველაზე უმცროსი 23 წლის გიორგი ბარამიძეა.

 

მაშველები გამოძახებას რეაგირების ოთახში ელიან. როცა „112“  – გადაუდებელი დახმარების ოპერატიული ცენტრი არ რეკავს, მაშველებს თავისუფალი დრო აქვთ: ეზოში, სიმაღლეში ასვლა-ჩამოსვლაში, კარის გახსნაში, თოკზე ცოცვასა და სხვადასხვა სახის ნასკვის გაკეთებაში ვარჯიშობენ (ასეთი ნასკვი აუცილებელია სადმე ჩავარდნილი ადამიანის ამოსაყვანად) ან ტელევიზორს უყურებენ და ჩაისა და ყავას იმზადებენ. თუ გამოძახება არ არის და ძალიან მოიწყინეს, ამბობენ: „კარის გაღება მაინც გვქონდესო“, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას კარი ჩაეკეტა და მათ საშველად უხმობენ. დათო ამბობს, რომ მას შემდეგ გახშირდა ასეთი ტიპის გამოძახებები, რაც სახლებში ჩინური კარების დამონტაჟება დაიწყეს.

 

„რეაგირების“ ოთახში ორსართულიან ორ საწოლზე ლებები აგია თეთრეულის გარეშე. თეთრეული აქ ზედმეტია მაშველები სამაშველო ფორმაში ათევენ ღამეს. საწოლი იმისთვის დგას, რომ მშვიდ ღამეში, როცა არაფერი ხდება, დაისვენონ, თუმცა ოპერატორის წითელი ღილაკით სიფხიზლეს ინარჩუნებენ.

 

ზარს დღეს ოპერატორი ნარგიზ დევაძე პასუხობს. მაგიდაზე აქვს ხაზის ტელეფონი ნომრით: 25 94 94 და მობილური ტელეფონი ნომრით: 514 25 94 94, კომპიუტერი, სტიკერები, რვეულები და რაცია. ძირითადი შეტყობინება 112-დან შემოდის, მაგრამ ნარგიზი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მობილურის ნომერი სამაშველოს ავტომობილზე დაწერეს, მოსახლეობა ხშირად ამ ნომერზე უკავშირდება.

 

112-დან შემოსულ ზარების შინაარსს და მისამართს ნარგიზი სტიკერზე ან რვეულში ინიშნავს და განყოფილების უფროსებს გადასცემს. მაგრამ თუკი ავტოავარია, ხანძარი, სტიქია ან სხვა რამ ბათუმში ან ხელვაჩაურში მოხდა, ოპერატორი წითელ ღილაკზე აჭერს თითს და რეაგირების ოთახში მყოფი მაშველები დავალების მისაღებად მასთან მიდიან.

 

ოპერატორის მაგიდის ერთ მხარეს რვეულები აწყვია. თითოეულ რვეულს აწერია: „ბაზა“, „ხულო“, „ქობულეთი“, „ქედა“, „შუახევი“, „ზღვა“. მასში სტატისტიკურ მონაცემებს ინახავენ. რვეული, წარწერით – „ზღვა“, ყველაზე ბოლოს დევს. სააგენტოს ხელმძღვანელი, მამუკა თურმანიძე ამბობს, რომ მათი სამუშაო სეზონის მიხედვითაა დაყოფილი, მაგალითად, ზღვაზე შემთხვევები ზაფხულში ფიქსირდება. ახლა საგანგებო შემთხვევები თითქმის არ არის და „ზღვაში“ აღნიშვნებიც იშვიათად იწერება. თუმცა ზაფხულში ყველაზე მეტი მუშაობა საზღვაო სამაშველოს უწევს. მაგალითად, 2013 წელს 1549 გასვლიდან 555 გასვლა საზღვაო სამაშველოზე მოდის. ეს მონაცემი ყველა სხვა კატეგორიის მონაცემზე – ავტოავარიაზე, სტიქიაზე, სახანძრო შემთხვევებზე – ორჯერ მეტია. 

 

ამ რვეულებში ნახავთ ყველაზე მძიმე შემთხვევებს, რომლებიც მთავრდება ადამიანის სიკვდილით და კურიოზულ გამოძახებებსაც: კატა ვერ ჩამოვიდა ხიდან, გველი შეძვრა ავტომობილის ქვეშ, მობილური ჩავარდა წყალში, ქარმა მოქალაქეს დაუზიანა სახურავი და ის სამაშველოსგან შეკეთებას მოითხოვს… 2014 წლის იანვრიდან დღემდე აჭარაში ყველაზე მეტი – 112 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, სამი თვის განმავლობაში მოხდა 29 საყოფაცხოვრებო შემთხვევა, მასში შედის კარის ჩაკეტვა, 30 ხანძარი, 8 სტიქია, 18 სხვადასხვა შემთხვევა, მაგალითად, ხის წაქცევა, ხის მოჭრა, 3 სამძებრო, 4 ცხოველებთან და ქვეწარმავლებთან დაკავშირებული შემთხვევა… საზღვაო სამაშველოს მონაცემებით ამ დრომდე  სამი სამძებრო-სამაშველო სამუშაო განხორციელდა და კიდევ ერთი – ამოიღეს ზღვაში ჩავარდნილი მობილური ტელეფონი.

 

ყველაზე დაძაბული მუშაობა ზამთარში ჰქონდათ, როცა თოვლმა მოსახლეობას მიმოსვლის პრობლემები შეუქმნა. სააგენტო ამ პერიოდში საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. „ამ პერიოდმა სამაშველოს კისერზე გადაიარა. ფაქტობრივად, სამაშველომ შეასრულა როგორც სახანძროს, ასევე სასწრაფო დახმარების ფუნქციაც. ავარია იქნებოდა, თუ ავადმყოფის გამოყვანა – იქ, სადაც ვერ ადიოდა სასწრაფო დახმარების ტექნიკა, ჩვენი სამაშველოს „ჰაი ლუქსები“ მიდიოდნენ, მაგრამ ხშირად 5 კილომეტრი ფეხით გავლა და ავადმყოფის საკაცით გამოყვანა უხდებოდათ“, – იხსენებს მამუკა თურმანიძე.

 

14:43 საათზე ოპერატორი ზარს პასუხობს. ზარი 112-დანაა. ნარგიზი სწრაფად ინიშნავს რვეულში რაღაცას. „სასწრაფო გჭირდებათ თუ სამაშველო?“ –  ეკითხება ზარის ავტორს. ზარის შინაარსი შემდეგია: ქობულეთში, აღმაშენებლის #251-ში 11 წლის გოგოს მანქანა დაეჯახა, მისი მდგომარეობა მძიმეა. ქობულეთის სამაშველოს უფროსი სულხან ხაბაზი დღეს ცენტრალურ განყოფილებაშია. ნარგიზი მას შეტყობინებას აცნობს და თან ეკითხება, უნდა გავიდეს თუ არა ქობულეთის სამაშველო მომხდარ ადგილზე. იგი ამბობს, რომ ეს სამაშველოს შესასრულებელი საქმე არ არის და მხოლოდ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაა საჭირო. ნარგიზ დევაძე ისევ ტელეფონზე რეკავს.

 

 

წამის მეათედი

 

20:48 საათზე ზარის ხმა ისმის. ოპერატორი ყურმილს იღებს. მაშველები მისი საუბრის და ხმის ტემბრის მიხედვით ცდილობენ გამოიცნონ, რა დავალება ელოდებათ წინ. ამჯერად კარის გაღების დრო დადგა, პუშკინის ქუჩაზე ვიღაცა ითხოვს შველას.

 

საჭესთან ვახტანგ დევაძე  ჯდება. თითოეულ ეკიპაჟს თავისი მძღოლი ჰყავს. მას სწრაფი ტარება უნდა შეეძლოს და საჭეს ადვილად უნდა იმორჩილებდეს. სირენა ჩართულია, სამაშველო გზის დათმობას ითხოვს. ეს რომ არ შველის, დათო რაციას იღებს: „მარჯვნივ იმოძრავე, მარჯვნივ!“. ავტომობილები სამაშველოს გზას უთმობენ,  თუმცა სამაშველო მანქანაში როცა ზიხარ, გარეთ ყველაფერი უძრავი და ნელი გეჩვენება. მაშველისთვის წამი დიდი დროა. გიორგი ამბობს, ჩვენი მოქმედება წამის მეათედზეა დამოკიდებულიო. 

გიორგი და ჯანი გზაში ხელთათმანებს იკეთებენ და საბარგულიდან კარის გაღებისთვის საჭირო იარაღებს იღებენ. გიორგის მხარზე გადაკიდული აქვს სპეციალური ხელსაწყო, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში წელზე დაიმაგრებს და სართულიდან სართულზე გადაძვრება.

 

მესამე სართულზე, ჩაკეტილ ბინაში, ოთხი წლის ბავშვს სძინავს. ოთახს ფანჯარა არ აქვს,  კარის სახელური მომძვრალია. ვახტანგი ყუთიდან რკინის იარაღს იღებს და კარი იღება. ბავშვი ლოგინში წევს და სძინავს. არც ჩოჩქოლი ესმის და ვერც ახლობლებისა და მაშველების მოღიმარ სახეებს ხედავს. მაშველები ხელსაწყოებს ალაგებენ და უკან ბრუნდებიან.  ვახო მობილურზე რეკავს და ოპერატორს დავალების შესრულების შინაარს გადასცემს.

 

„ახლა შეგვიძლია მუსიკას მოვუსმინოთ და ნელა ვიაროთ“, ამბობენ მანქანაში უკან მომავალი მაშველები, მაგრამ რაციაზე ისევ ოპერატორი იხმობს და ატყობინებს: პუშკინზე #29-ში, ბარაკის ტიპის სახლს ხანძარი გაუჩნდა. მანქანა წამის მეათედი სისწრაფით უხვევს და იმავე ქუჩაზე მიემართება, თუმცა ხანძარი უკვე ჩამქრალია.

 

მაშველები ამბობენ, რომ გამოძახება ყოველთვის ასე ბედნიერად არ სრულდება.

„ორი-სამი წელია აქ ვმუშაობთ. დამწვარიც გვინახავს, დასახიჩრებულიც, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება ხუთი წლის ბავშვი რომ ამოვიყვანეთ მდინარიდან დამხრჩვალი, ორი წლის წინ, კირნათის გადასახვევთან. მამას ჰყავდა მდინარეზე საბანაოდ შვილი, ქვებზე თამაშობდა, დაუცურდა ფეხი და ჩავარდა წყალში,“ – ყვება დათო ქადიეშვილი.

 

მაშველებს ავარიები სძულთ, როცა მანქანის გაჭრა და იქიდან დასახიჩრებული ადამიანების გამოყვანა უწევთ და კიდევ უფრო სძულთ ის შემთხვევები, როცა მათ მისვლას აზრი აღარ აქვს და ადამიანი დაღუპულია. 

 

მაშველების მონათხრობი

 

ჯანი ხალვაში ერთ საგზაო შემთხვევას იხსენებს, როცა უშუალოდ მაშველების დროული მოქმედება იყო გადამწყვეტი. „ავარიაში მოყვა ორი ადამიანი. მანქანა გადატრიალდა და ქვეშ მოიმწყვდია ისინი. ჩვენ ისე უნდა გაგვეჭრა მანქანა, რომ არ დაშავებულიყვნენ. დღეს ჯანმრთელები არიან და ხშირად გვკითხულობენ. თუ დავაგვიანებდით ან არასწორად ვიმოქმედებდით, შეიძლება დაღუპულიყვნენ“.

 

სააგენტოს უფროსი, მამუკა თურმანიძე მიიჩნევს, რომ მაშველის მუშაობას სისწრაფე, ტექნიკა და გამოცდილება ქმნის. მეტი ეფექტურობისთვის ის სააგენტოში ცვლილებებს გეგმავს: აპირებს დაამატოს სახანძრო და სამთო-სამაშველო ინსტრუქტორი, რომელიც ინსტრუქციას გაუწევს მაშველებს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ უფრო ეფექტურად ხანძრის დროს, ანდა როგორ მოიხმარონ ალპური აღჭურვილობა რთულ რელიეფურ პირობებში. სააგენტოს ზაფხულში 100 საზღვაო მაშველი აჰყავს სამუშაოდ. მათ სეზონურ მაშველებს უწოდებენ. წელს მათი რიცხვი 120-მდე გაიზრდება. მალე სააგენტო ადგილმდებარეობასაც შეიცვლის და შედარებით დიდ ფართობზე განთავსდება.

 

„ყველაზე კარგი შეგრძნებაა, როცა ადამიანს რაღაცა უჭირს, შენს იმედზეა და   გადაარჩენ“, _ ასეთია მაშველის განცდა, რომლის პროფესია რეაგირება, სისწრაფე და დახმარებაა. ხვალ, 10 საათზე, ახალი სამაშველო დღე დაიწყება. მაშველები ტელევიზორთან იქნებიან, ივარჯიშებენ თუ ყავას მოიმზადებენ, ეცმევათ ფორმა. დარეკავს ტელეფონი და დროსთან მათი შეჯიბრებაც დაიწყება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი