მთავარი,სიახლეები

სარჩელის შეტანა უკანონო მოსმენებზე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია – ვადა ხვალ იწურება

05.04.2017 • 2662
სარჩელის შეტანა უკანონო მოსმენებზე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია – ვადა ხვალ იწურება

 

ფარული მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობის აკრძალვის მოთხოვნით კამპანია „ეს შენ გეხება“ ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. სარჩელის ავტორი ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება გახდეს.

ერთი წლის წინ, 2016 წლის 14 აპრილს, საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის მექანიზმი ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია.  ერთი წლის შემდეგ პარლამენტმა კანონი შეცვალა, თუმცა ფარულ მოსმენებზე  წვდომა ისევ სუს-ს აქვს – „გასაღები“ ახალშექმნილ სააგენტოს გადაეცემა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ანუ ისევ სუს-ს ექვემდებარება.

„ახალი კანონმდებლობით არაფერი იცვლება, რადგან შინაარსი იგივე დარჩა. კანონმდებლობა ისევ ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას,” –  ამბობს გიორგი ჩიტიძე, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ იურისტი.

საკონსტიტუციო სასამართლო თავდაპირველად განიხილავს სარჩელის დასაშვებობის საკითხს და შესაძლოა წარმოებაში არც კი მიიღოს საქმე, თუკი მიიჩნევს, რომ ახალი კანონმდებლობა ისევ ანტიკონსტიტუციურია. ამ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვის გარეშე გაუქმდება პარლამენტის მიერ პირველ მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილება „ფარულ მოსმენებზე“.

ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც მიიჩნევს, რომ ისევ არსებობს უკანონო მიყურადების საფრთხე, შეუძლია კონსტიტუციური სარჩელი ელექტრონულად შეავსოს ამ მისამართზე. საკონსტიტუციო სარჩელის წინასწარ მომზადებულ ვერსიაში მხოლოდ მოქალაქის პირადი მონაცემების შეყვანა არის საჭირო [სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ელფოსტა და ტელეფონის ნომერი].

სარჩელში მონაცემების შეყვანის შემდეგ ის უნდა ამობეჭდოთ და ხელი მოაწეროთ. შევსებული სარჩელი თქვენ შეგიძლიათ მიიტანოთ ბათუმში, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ ოფისში [ფარნავაზ მეფის 74], ან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ [ვახტანგ გორგასლის 89].

გიორგი ჩიტიძე: „მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ უშუალოდ მობრძანდნენ დასახელებულ მისამართზე და ჩვენი წარმომადგენლები დაეხმარებიან ადგილზე შეავსონ სარჩელი. აუცილებელია მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ქონა“.

ელექტრონული სარჩელის შევსება ხვალ, 6 აპრილს, საღამოს 6 საათამდე შეიძლება.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: