მთავარი,სიახლეები

მუსლიმთა სამმართველოს სარჩელი რელიგიის თავისუფლების დარღვევის მოტივით

05.04.2017 • 2440
მუსლიმთა სამმართველოს სარჩელი რელიგიის თავისუფლების დარღვევის მოტივით

მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო. სამმართველო რამდენიმე სამართლებრივ ნორმას ასაჩივრებს, რომელიც  როგორც შიიტი, ისე სუნიტი მუსლიმებისაგან ითხოვს ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნას, რომლებშიც გაერთიანდებიან როგორც შიიტი, ისე სუნიტი სასულიერო პირები. გაერთიანება ზიანის ანაზღაურების მიღებისთვის არის საჭირო.

საუბარია საქართველოს მთავრობის 2014 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც რელიგიურ ორგანიზაციებს, მათ შორის, მუსლიმ თემს, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანი ნაწილობრივ უნდა აუნაზღაურდეთ.

მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო საქართველოში მცხოვრებ შიიტ მუსლიმთა რელიგიურ ინსტიტუტებს წარმოადგენს და არა – სუნიტების. საკონსტიტუციო სარჩელში სამმართველო რელიგიის თავისუფლების პრინციპის დარღვევაზე აკეთებს აქცენტს და იმაზე, რომ მსგავს გაერთიანებას ხელისუფლება არ სთხოვს ქრისტიანულ ეკლესიებს:

„მუსლიმთა ამ ორ ჯგუფს შორის არსებობს საკმაოდ ხანგრძლივი და ღრმა რელიგიური ხასიათის აზრთა სხვადასხვაობა (სქიზმა). ამ ორი ჯგუფის იძულება, მათი რელიგიური შეხედულებების  საწინააღმდეგოდ, ითანამშრომლონ ერთმანეთთან, წარმოადგენს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებული რელიგიის თავისუფლების დარღვევას. ის გარემოება, რომ შიიტებს არა აქვთ სუნიტებისაგან განცალკევებული გაერთიანების შექმნის უფლება, რომელიც მიიღებს ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებას, ამით ირღვევა კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი. სადავო ნორმა არ სთხოვს რომაულ კათოლიკურ ეკლესიას და სომხურ ეკლესიას ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნას, მაშინ, როდესაც ამ ორ ქრისტიანულ ეკლესიას შორის არსებობს ისეთივე სქიზმა, როგორც შიიტ და სუნიტ მუსლიმებს შორის. ამ გარემოების გათვალისწინებით სადავო ნორმა არსებითად თანასწორებს ეპყრობა უთანასწოროდ, რასაც არავითარი გამართლება არ გააჩნია და სახეზეა კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევა“, – ვკითხულობთ კონსტიტუციურ სარჩელში.

„საქართველოს კონსტიტუციის“ მე-14 მუხლით თანასწორობის უფლებაა დაცული. სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე კოლეგია განიხილავს.

აჭარის მუფთის, ბეგლარ ქამაშიძის მონაცემებით, აჭარაში მცხოვრები მუსლიმების უმრავლესობა სუნიტია. შიიტები კი ძირითადად მარნეულში ცხოვრობენ. შიიტები ძირითადად ეროვნებით აზერბაიჯანელები არიან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობენ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: