მთავარი,სიახლეები

რას მიიღებენ გლეხები გაუქმებული აგრობარათების ნაცვლად

05.04.2017 • 2915
რას მიიღებენ გლეხები გაუქმებული აგრობარათების ნაცვლად

სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისთვის აგრობარათების გაუქმებას აპროტესტებენ ხულოში. ვაჩერის ფარგლებში გლეხები მიწის ფართობებს უფასოდ ხნავდნენ, ასევე უფასოდ იძენდნენ სასუქის და სასოფლო-სამეურნეო იარაღის გარკვეულ ოდენობას.

„ეს არ იყო ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილება, მაგრამ ხულოს გამგეობამ და საკრებულომ არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გლეხები დაეცვათ. საჯარო დაპირებები იყო, რომ გლეხებს ალტერნატიულ პროგრამებს შესთავაზებდნენ, მაგრამ გაზაფხული მოვიდა, მიწები დასახნავია, ვაუჩერი კი არ ჩანს,“ – ამბობს ოთარ შაინიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი.

აგრობარათების პროგრამა ქვეყნის მასშტაბით 2016 წლის ბოლოს დასრულდა. 2017 წლის დასაწყისში „ბათუმელებს“ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში უთხრეს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოახერხებდნენ მოსახლეობისთვის ალტერნატიული პროგრამების შეთავაზებას. დღეს, 5 აპრილს, „ბათუმელებთან“ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, რომ „აგრობარათები ჩაანაცვლა მოტობლოკებმა“.

ბესიკ ბაუჩაძემ სხვადასხვა პროგრამა ჩამოგვითვალა, რაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით ამჟამად ფინანსდება, თუმცა მან ვერ დაგვისახელა კონკრეტული პროგრამა, რომელიც გლეხებს ხვნის სამუშაოებს დაუფინანსებს. „ძირითადად შეძენილია მოტობლოკები და მოსახლეობას შეუძლია ამით ისარგებლოს. ასევე არსებობს შეღავათები სასუქების შეძენის დროს. ეს შეეხება კარტოფილს, მაგრამ კარტოფილი ხულოში ძირითადი კულტურაა.”

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, რომ აგრობარათის პროგრამას ისინი არ ახორციელებდნენ და ვერ გვეტყვიან, რის გამო შეწყდა პროგრამა, ან რა ალტერნატივა შესთავაზეს გლეხებს. სამინისტრომ 30 %-იანი თანამონაწილეობით კარტოფილისა და ნიორის კულტურების შეძენას სთავაზობს გლეხებს.

„ამ პროგრამის ფარგლებში, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ფერმერებსა და აგრომეწარმეებისთვის თანადაფინანსების პრინციპით 101. 500 კილოგრამი ჰოლანდიიდან შემოტანილი, სილვანას ჯიშის კიბოს დაავადების გამძლე კარტოფილის სათესლე მასალა და სასუქები გაიცემა, რომელიც დაირგვება 29 ჰა. მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 283 053 ლარია გამოყოფილი. ასევე, მასში მონაწილე ფერმერებს პერიოდულად ჩაუტარდებათ სწავლება-კონსულტირება აგროტექნიკურ ღონისძიებებზე. ქვეპროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების პრინციპით ფერმერებსა და აგრომეწარმეებს მიეწოდება 101,5 ტ – კარტოფილის სარგავი მასალა, 48 ტ – ნიორის სარგავი მასალა, 15,250ტ – მინერალური სასუქი, NPK – 18,3 ტ, 197,5 ტ – ორგანული სასუქი, 256 ლ – ჰერბიციდი,“- გვითხრეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: