მთავარი,სიახლეები

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულის ჩვენება

04.04.2017 • 2663
ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულის ჩვენება

ქურდული სამყაროს წევრობას, თანხის გამოძალვასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გამოძიება რუსლან ჩ.-ს ედავება. მისი ჩვენება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს, 4 აპრილს მოისმინა.

„მე იმიტომ შევახვედრე ბიზნესმენები ერთმანეთს, რომ დაპირისპირება და ჩხუბი არ მომხდარიყო,“ – ასე დაიწყო ჩვენება რუსლან ჩ.-მ. „თურქმა მსახიობმა დამირეკა, ჩემი ახლობელია. მითხრა, მეგობარ თურქ ბიზნესმენს პრობლემა შეექმნა ქართველ პარტნიორთან, თანხას არ უბრუნებს და იქნებ დაალაპარაკო ერთმანეთსო. ოჯახში მოვიდა თურქი ბიზნესმენი, ქართველიც. ისინი საუბრობდნენ, რაღაც ორი თუ სამი ტრაქტორის გაყიდვაზე იყო საუბარი. მე არაფერში ჩავრეულვარ. დაახლოებით ერთი საათი ილაპარაკეს და ბოლოს მორიგდნენ, რომ დავით ა. [ქართველი ბიზნესმენი] მას 120 ათას ლარს გადაუხდიდა,“ – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერა ბრალდებულმა შემთხვევა, რის გამოც მას ქურდულ სამყაროს წევრობასა და თანხის გამოძალვაში დაედო ბრალი.

საქმეში ბრალდებული კიდევ ერთი პირია – კაკო ტ. ის ამ დრომდე იძებნება. კაკოს შესახებ რუსლანმა მოსამართლეს უთხრა, რომ მას კარგად არც კი იცნობს. „მამამისს ვიცნობ, ერთად ვთამაშობდით ფეხბურთს, კაკო მაშინ პატარა იყო, 15 წლის იქნებოდა ალბათ,“ – ამბობს რუსლან ჩ.

გამოძიების ვერსიით, კაკო ტ. და რუსლან ჩ. დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ცდილობდნენ ორი ქართველი ბიზნესმენისგან. კაკო ტ. გამოძიებამ, სასამართლოს წინასწარი ნებართვის საფუძველზე, სკაიპით ფარულად ჩაწერა. სკაიპით და ასევე ტელეფონით არის ჩაწერილი რუსლან ჩ.-ს საუბრებიც, რაც ბიზნესმენებისგან თანხის აღებას უკავშირდება.

„სკაიპით რანაირად ვისაუბრებდი, საერთოდ არ მაქვს კომპიუტერი. ტელეფონშიც არაა დაფიქსირებული ჩემი ხმა. ამიტომაც მოვითხოვე ხმის ექსპერტიზა, რაც არ ჩაატარეს, ბატონო მოსამართლევ,“ – დაამატა ბრალდებულმა.

„თქვენი ფუნქცია რა იყო, თუკი ბიზნესმენების საუბარში არ ჩარეულხართ?“ – ჰკითხა რუსლან ჩ.-ს პროკურორმა, ალექსანდრე ძირკვაძემ.

„არანაირი,“ – თქვა ბრალდებულმა. მან ასევე თქვა, რომ ამ შეხვედრით არანირი ფინანსური სარგებელი არ მიუღია. რუსლან ჩ.-ს თქმით, ქურდული სამყაროს წევრობას მას 1999 წლიდან აბრალებენ, როცა ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს: „16 წელი ციხეში ვიჯექი. მანამდე აფხაზეთის ომში ვმონაწილეობდი მოხალისედ, იქ მძიმედ დავიჭერი… ტექნიკურ უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი. ახლა თქვენ მითხარით, როგორ შეიძლება ვიყო ქურდული სამყაროს წევრი, როცა ნაომარიც ვარ და ნასტუდენტარიც?“

პროკურორი დაინტერესდა, საიდან ჰქონდა ბრალდებულს ინფორმაცია, რა მოთხოვნები არსებობს ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის. რუსლან ჩ.-მ მას შეახსენა, რომ ის 16 წელი ციხეში იყო.

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულის ჩვენების მოსმენამდე, მოსამართლემ დაცვის მხარის 5 მოწმის ჩვენება მოისმა. მოწმეებმა თითქმის დეტალურად აღწერეს გასული წლის 2 აგვისტოს საღამო, როცა რუსლან ჩ. ჭავჭავაძის ქუჩაზე დააკავეს. დაკავებამდე იგი ახლობელთან მივიდა 250 ლარის წამოსაღებად: „მეგობარს სჭირდებოდა საავადმყოფოში თანხა, ფული არ ეყო და მთხოვა, იქნებ მიშოვო სადმეო. ვიშოვე თანხა და წამოსაღებად მივედი, ლუდი დავლიეთ ერთად, წამოსვლის დროს დამაკავა 30-მა პოლიციელმა, თითქოს მართლა მქონდა იარაღი“.

მოწმეებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ბრალდებულს იმ საღამოს იარაღი არ ჰქონდა და ამას აუცილებლად შეამჩნევდნენ, რადგან ცხელოდა და შეკრებილი მეგობრები ეზოში ნახევარი საათი წელს ზემოთ შიშვლები იყვნენ.

მოსამართლე დავით მამისეიშვილი მომდევნო სხდომაზე პროკურორისა და ადვოკატების დასკვნით სიტყვებს მოისმენს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით. ამ სასჯელს ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი ქურდული სამყაროს წევრობისთვის.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: