ბათუმის სასამართლო

ბათუმის სასამართლოსგან დასჯილი სააპელაციომ გაამართლა

მოსამართლე ირაკლი შავაძის მიერ ძარცვაში მსჯავრდებული პირი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. ეს პირველი შემთხვევაა ბოლო წლების განმავლობაში, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გამამართლებლით შეცვალა.

ძარცვის შემთხვევა 2015 წლის ნოემბერში მოხდა ბათუმში, თამარის დასახლებაში. საცხოვრებელ კორპუსში ნიღბიანმა ოთხმა პირმა დედა-შვილი გაძარცვა. გამოძიების მასალების მიხედვით, ძარცვის ფაქტიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის ბინაში იპოვა ოქროს ბეჭედი (500 ამერიკულ დოლარად შეფასებული), საფულე და 300 ლარი. დაკავებული ოთხი ბრალდებულიდან სამი დედა-შვილმა გამოძიების ეტაპზე ამოიცნო. მეოთხე ირაკლი კ. იყო, ვის წინააღმდეგაც გამოძიებას მხოლოდ ერთი მტკიცებულება ჰქონდა – სატელეფონო ანძის ჩანაწერი, რითაც დასტურდებოდა ირაკლი კ.-ს თამარის დასახლების ტერიტორიაზე ყოფნა იმ საღამოს, როცა დედა-შვილს ხელკეტების მუქარით წაართვეს ფული და ოქროს ბეჭედი.

პირდაპირი მტკიცებულების არარსებობის მიუხედავად, ირაკლი კ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ირაკლი შავაძემ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ.

პაატა დიასამიძე, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი ამ გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად აფასებს. ის ძარცვის საქმეში ბრალდებულებიდან მხოლოდ ირაკლი კ.-ს ინტერესებს იცავდა.

“პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი იყო დაუსაბუთებელი და იგი ძირითადად ეფუძნებოდა ირიბ ჩვენებებს, ვინაიდან პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ი.კ.-ს ბრალად შერაცხულ ქმედებაში მონაწილეობის ფაქტს, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვებოდა,” – გვიყვება პაატა დიასამიძე.

გამამართლებელი განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეებმა: ვერა დოლიძემ, თეიმურაზ სვანიძემ და მარინე სირაძემ მიიღეს. მათ პატიმრობაში დატოვეს ამ საქმეში ბრალდებული სამი პირი.

ამ ეტაპზე უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა ამ გამამრთლებელ განაჩენს პროკურატურა უზენაეს სასამართლოში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი