მთავარი,სიახლეები

პარკირების ახალი სტრატეგიისა და ბათუმის ურბანული განვითარების გეგმის განხილვა „შერატონში“

03.04.2017 • 4227
პარკირების ახალი სტრატეგიისა და ბათუმის ურბანული განვითარების გეგმის განხილვა „შერატონში“

დღეს, 3 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონში“  ბათუმის პარკირების ახალი სტრატეგიისა და პოლიტიკის ძირითადი პრინციპების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის ოპტიმიზაციის სცენარებისა და მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებული გეგმის პირველადი სამუშაო ვერსიის წარდგენა და განხილვა იგეგმება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის, საკრებულოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აღნიშნული სფეროს დამოუკიდებელი ექსპერტები.

ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული კვლევებისა და გეგმების მომზადება ხორციელდება პროექტის – „მწვანე ქალაქები: ინტეგრირებული მდგრადი ტრანსპორტი ქალაქ ბათუმისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის,“ – ფარგლებში.

„პროექტის მიზანია მდგრადი და ინტეგრირებული მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემების განვითარება და მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის ჩამოყალიბება“-ნათქვამია მერიის განცხადებაში.

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ხელშეწყობით. ასევე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: