სიახლეები

საკრებულოს თავმჯდომარეს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ

17.03.2014 • 1262
საკრებულოს თავმჯდომარეს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ

 

 

„ირაკლი ჩავლეიშვილმა და ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ერმაკოვმა 26 თებერვალს დაწერეს ბრძანება, რის საფუძველზეც 200-დან 500-ლარამდე  ერთჯერად მატერიალურ დახმარებას  მიიღებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობა,  ყოველგვარი პროგრამის გარეშე. მე ვფიქრობ, ეს ცალსახად ამომრჩევლის მოსყიდვაა“, – აცხადებს გიორგი კირთაძე.

 

მისივე ინფორმაციით, სოციალურ დახმარებას ის ოჯახები მიიღებენ, რომელთა სარეიტინგო ქულა  200 000-ია. დახმარება გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ომის ვეტერანებზე, ომში დაღუპული ოჯახების წევრებზე და მარტოხელა  დედებზე.   

 

 გიორგი კირთაძის ბრალდებაზე  კომენტარი გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა. მისი განცხადებით,  ფულადი დახმარების გაცემა მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს არ უკავშირდება:

 

„ეს არ არის ამომრჩევლის მოსყიდვა. შარშან მერმა 200 ათასი ლარი გახარჯა, ახლა კი 200-იდან  50 განაცხადი დავაკმაყოფილეთ. ეს რომ ყოფილიყო ამომრჩევლის მოსყიდვა, მაშინ  ორასივეს მივცემდით დახმარებას. თებერვალში კომისია შევქმენით, სადაც მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები შედიან. ჩვენ ვიმსჯელეთ  შემოსულ განცხადებებზე და ყველაზე მძიმე მდგომარეობა ვისაც ჰქონდა,  ყოფნა-არყოფნის მდგომარეობაში ვინც იყო, იმ მოქალაქეების განცხადებები დავაკმაყოფილეთ.  ზოგს ოპერაციისთვის სჭირდებოდა თანხა, ზოგს ბინის ქირისთვის“. 

 

სოციალური დახმარება მერიის სარეზერვო ფონდიდან გაიცა. ფონდის ბიუჯეტი 200 ათასი ლარია. ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ  მსგავსი დახმარებების გაცემა საარჩევნო შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც განახლდება.    

 

 

ბათუმის საკრებულო

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: