მთავარი,სიახლეები

პარლამენტი ნატოს სესიისთვის 150 ათას ლარად ავტომანქანებს დაიქირავებს

02.04.2017 • 2304
პარლამენტი ნატოს სესიისთვის 150 ათას ლარად ავტომანქანებს დაიქირავებს

საქართველოს პარლამენტი მაღალი კლასის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მძღოლებთან ერთად დაიქირავებს, რაშიც 150 ათას ლარამდე გადაიხდის. ტრანსპორტის დაქირავების მიზანია ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და სესიის ფარგლებში სხვა ღონისძიებების მონაწილეების [სავარაუდოდ, 500-600 ადამიანის] მომსახურება.

შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება 4 აპრილს დაიწყება და 6 აპრილს დასრულდება. სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ასევე ავტოტრანსპორტის უცხოური ენების მცოდნე კოორდინატორებით მომსახურება, კერძოდ:

  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, ღონისძიების მონაწილეთათვის განკუთვნილი ყველა სასტუმროს და ღონისძიების ჩატარების ადგილის საინფორმაციო კუთხეების კოორდინატორებმა უნდა უზრუნველყონ სტუმრების შეუფერხებელი განთავსება ავტოსატრანსპორტო საშუალებებში, ხოლო ავტოტრანსპორტის პარკირების ადგილებისთვის გამოყოფილმა კოორდინატორებმა უნდა უზრუნველყონ ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება;
  • მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კოორდინატორებს შორის სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაცია;
  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ღონისძიების ჩატარების ადგილის საინფორმაციო კუთხესთან და ავტოტრანსპორტის პარკირების ადგილზე (ადგილების გამოყოფას უზრუნველყოფს პარლამენტი) უნდა განთავსდეს ინგლისური და რუსული ენების მცოდნე ორ-ორი კოორდინატორი შესაბამისი საპროტოკოლო ჩაცმულობით.

მომსახურების მიწოდების პროცესში ჩართული მძღოლები:

  • არ უნდა იყვნენ დაჯარიმებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის და 125-ე მუხლის მე-4 პუნქტით ბოლო ერთი წლის განმავლობაში;
  • მძღოლები უნდა იყვნენ ორგანიზებულნი, მოწესრიგებულნი, პუნქტუალურნი, შესაბამისი საპროტოკოლო ჩაცმულობით;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის პერიოდში მძღოლები არ უნდა ეწეოდნენ თამბაქოს.

პარლამენტი რამდენიმე ერთეულ მაღალი კლასის ავტობუსს, მიკროავტობუსს, ავტომანქანას [VIP], ასევე მსუბუქი კლასის ავტომანქანასა და ბარგის დახურულ მიკროავტობუსს დაიქირავებს. დაქირავებული ტრანსპორტით მომსახურება, შესყიდვების ვებგვერდის მიხედვით, უნდა განხორციელდეს საჭიროების მიხედვით, სავარაუდოდ, 2017 წლის 24 მაისიდან 2017 წლის 30 მაისის ჩათვლით.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, 2017 წლის 26-29 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზებისთვის პარლამენტი 3 მილიონი ლარის ფარგლებში პირდაპირ შესყიდვაზე თანხმობასაც ითხოვდა, რაც შესყიდვების სააგენტომ 28 მარტს დააკმაყოფილა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: